მასწავლებლებს სტატუსის ჩამოქვეითება აღარ ემუქრებათ - ცვლილებები, რომელიც მასწავლებელთა მოქმედ სქემაში შედის
14-05-2019

2019 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში რამდენიმე ცვლილება შევა, მათ შორის, ერთ-ერთის მიხედვით, მასწავლებელი რომელიც სქემით განსაზღვრული აქტივობების შედეგად უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსს მოიპოვებს, ამ სტატუსის დაკარგვა ან ჩამორთმევა აღარ ემუქრება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, სამინისტრომ მთავრობაზე წარადგინა ინიციატივა, რომელიც არსებულ სქემაში ცვლილებებს გულისხმობს.

„ცვლილება შედის სტატუსის ჩამორთმევის, ჩამოქვეითების ნაწილში. იყო ასეთი ელემენტი, რომ მივაღწიე სტატუსს და კრედიტების რაოდენობა უნდა დავაგროვო, რათა ეს სტატუსი არ დავკარგო. ეს გავაუქმეთ, იმიტომ რომ როდესაც მასწავლებელი, მენტორის ან უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადადის, ეს ნიშნავს, რომ ის ადასტურებს კომპეტენციას. როგორ შეიძლება, კომპეტენცია გქონდეს და თან აღარ გქონდეს. ერთია, რომ გაქვს კომპეტენცია და მეორე – რას აკეთებ შენ ამ კომპეტენციით.

შესაბამისად, ის ჩვენი შეთავაზება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე შევა პარლამენტში, გულისხმობს სახელშეკრულებო ელემენტის გაჩენას მასწავლებლებთან. რადგან ამ ეტაპზე მენტორია, წამყვანია, უფროსია თუ პრაქტიკოსია ყველა ერთი და იგივე საქმეს აკეთებს, უბრალოდ სტატუსები განსხვავდება. ამიტომ ეს საკითხი კონტრაქტებით დარეგულირდება და ვფიქრობთ, რომ მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს მუდმივად შიში და ეჭვი, რომ რაღაცას ჩამოართმევენ. პირიქით მასწავლებელი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე თუ რას გააკეთებს იმით, რაც მას გააჩნია. ამიტომ ეს შეზღუდვა, რომ სტატუსი ჩამოერთვას, მოიხსნება“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

იხილეთ ასევე: რა ცვლილებები განხორციელდება მასწავლებელთა მოქმედ სქემაში 2019 წელს - ირინა აბულაძე დეტალებზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203