ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ნატალია მგელაძის თქმით, მის მიმართ სოციალურ ქსელში არსებული აგრესია ორიოდე დღის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის ეზოში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც V კლასის მოსწავლეებს სავარაუდოდ ბანქოს ეთამაშებოდა.
როგორც თავად ამბობს, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ დაინახა, რომ სკოლის ეზოში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, მოსწავლეებს ელაპარაკებოდა, ხოლო როდესაც მან იმის გარკვევა მოინდომა თუ ვინ იყო ეს მამაკაცი და რატომ ელაპარაკებოდა მოსწავლეებს, უცნობი პირისგან აგრესია წამოვიდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახა.
„სკოლის ტერიტორიაზე გაკვეთილების დასრულების შემდგომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მოსწავლეებისთვის უცნობი იყო, მათ ელაპარაკებოდა და კარტს ეთამაშებოდა. საჭიროდ მივიჩნიე ჩავრეულიყავი, რადგან ის რაც დავინახე საკმაოდ არასასიამოვნო იყო. როცა ვეცადე სიტუაცია გამერკვია, იმხელა აგრესია წამოვიდა ამ კაცისგან, რომ მაშინვე პოლიციას მივმართე, რადგან ჩემი მოსწავლეების უსაფრთხოება ჩემთვის უმთავრესია. მას შემდეგ, რაც პოლიცია მოვიდა ჩვენ დავათვალიერეთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც და აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი, სასკოლო პროცესის დასრულების დროს იმავე ბავშვებთან ერთად სხვა დროსაც გადაადგილდებოდა. ამ მოსწავლეებს პოლიციაც გაესაუბრა და საკითხზე მოკვლევა დაწყებულია“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
როგორც ნატალია მგელაძე etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე მოკვლევაა დაწყებულია.
„ამ ამბის სოციალურ ქსელში გახმაურებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან საკმაოდ დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. აგრესია გამოიწვია იმან თუ რატომ ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი შესაძლოა, საფრთხის მომტანი ყოფილიყო მოსწავლეებისთვის. საზოგადოების, ძირითადად ახალგაზრდების ნაწილი ბრალს მდებს იმაში, რომ მე ადამიანების სტიგმატიზირებას ვახდენ, რომ სხეულზე არსებული ტატუების გამო ჩავთვალე საფრთხედ ეს ადამიანი.
სინამდვილეში, მე არ ვიცი რა მიზნით ეკონტაქტებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მოსწავლეებს. ეს ჩემთვის მისაღები არ არის. პირის იდენტიფიცირება ჯერ დადგენილი არ არის. პოლიცია სანამ მოვიდოდა, მანამდე ეს კაცი წავიდა. თუმცა საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და მე დაინტერესებული ვარ, რომ სკოლის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ უცხო პირები, მით უმეტეს არაფხიზელ მდგომარეობაში“,- განაცხადა ნატალია მგელაძემ.