„ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ“ - ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე 8 მოსწავლე ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა
17-05-2019
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ კახათში ავტოავარია მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის 18 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა.
შემთხვევის შედეგად, რომელიც გუშინ მოხდა, მძიმე დაზიანებები მიიღო იმ ახალგაზრდამ, რომელიც ავტომობილს მართავდა. ის თბილისში გადმოიყვანეს სამკურნალოდ. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 7 მოზარდის მდგომარეობა კი სტაბილურია და ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას, თუმცა სხვდასხვა სახის სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ. მათ შორის ერთ-ერთს გატეხილი აქვს ყბა და ცხვირი, ასევე მოტეხილი აქვს ხელი, ფეხი და ბარძაყი. დაშავებულთაგან კიდევ ერთს მძიმე დაბეჟილობა აღენიშნება.
როგორც ერთ-ერთი დაშავებულის ბებია ამბობს, მოზარდები ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ და ანაკლიაში გასართობად იყვნენ წასულები.
„ბოლო ზარი 20 მაისს ჰქონდათ და ამისთვის ემზადებოდნენ, მანამდე კი გასართობად ანაკლიაში წასულან და ეს შეემთხვათ. კლასელები იყვნენ“.