„ბათუმში ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს“ - მამუკა ბახტაძე
17-05-2019
განათლებისა და მეცნიერების მორიგი ქალაქი ბათუმში აშენდება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო სივრცე სამომავლოდ ყველა რეგიონში იქნება.
„ზუსტად ერთი თვის წინ შეგპირდით, რომ ბათუმში დავიწყებდით ზუსტად ისეთი საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც დღეს თბილისში შენდება. აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე.
იცით, ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შენდება და სწორედ მათთვის შეიქმნება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში შევძლოთ იმავეს გაკეთება, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ჰქონდეთ განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭის და ცოდნის რეალიზაცია. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.