N51 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ბოლო ზარზე დანებით დაუპირისპირდნენ
20-05-2019

N51 საჯარო სკოლაში,  სადაც წელიწადნახევრის წინ არასრულწლოვანებს შორის დაწყებული დაპირისპირება ორი მოზარდის მკვლელობით დასრულდა, დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ სკოლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

რა გახდა კლასელებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს მანდატურს და განათლების სამინისტროს.  ზარებს არც სკოლის დირექტორი პასუხობს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მოზარდები მეზობლებმა გააშველეს. ადგილზე ჰყვებიან იმასაც, რომ მსგავსი ფაქტები 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის ხშირად ხდება.

„რა მოხდა და როგორც ხდება ამ დამპალ სკოლაში ის მოხდა. დამამთავრებელი კლასია. იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა. სავსე იყო, ნემსის ყუნწი არ ვარდებოდა იმისთანა ცემა-ტყეპა და უბედურება იყო. არ შეიძლება. ყოველ დღე ერთი და იგივე. პოლიცია სადაც იყო? პოლიცია ახლა მოვიდა რომ გამოვიძახეთ,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ჩხუბში მონაწილე ბიჭებს ეცვათ თეთრი პერანგები წარწერებით, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ყველა მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან. 

უცნობია დაშავდნენ თუ არა მოზარდები დაპირისპირების დროს.

წყარო: რუსთავი 2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203