თბილისის მერიამ კომპანია „ნილს“, რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. როგორც მერიაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და დაგვიანებით აწვდიდა.
არსებული ინფორმაციით, კომპანია „ნილს“ ყადაღა ადევს, რის გამოც, ბაღების კვების პროდუქტებით მომსახურებას ვერ ახერხებს.
როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან საუბრისას თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაღების ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს საკვებით მომარაგებას.
„როგორც უკვე იცით, კომპანია „ნილს“ დღეიდან უწყდება ხელშეკრულება. მინდა დავამშვიდო მშობლები, რომ ბაღების კვებით მომარაგებაში შეფერხება არ იქნება. საბავშვო ბაღების ადმინისტრაციები თავად უზრუნველყოფენ გარკვეული პერიოდით ხელშეკრულებების გაფორმებას მომმარაგებელ კომპანიებთან და პროდუქტი შევა ბაღებში შეუფერხებლად. დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები”- განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.