ახალციხის N5 სკოლის მოსწავლემ ესსების კონკურსში გაიმარჯვა
06-04-2017

ახალციხის N5 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ ქეთევან კაჭკაჭაშვილმა, ვერცხლისწყლის თემაზე გამოცხადებულ ესსების კონკურსში გაიმარჯვა თემით - ''დატყვევებული თავისუფლება''. თემას ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი ხელმძღვანელობდა . 

''ესსეს სათაურზე ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია, რადგან თერმომეტრის გატეხვისას მიმოფანტული ვერცხლისწყალი ჩემში სწორედ ასეთ ასოციაციას იწვევს. მაია მასწავლებლის დახმარებით კი ყველანაირად შევეცადე ესსეს მხატვრული ღირებულება არ დამეკარგა''- ამბობს გამარჯვებული ქეთევან კაჭკაჭაშვილი. 

ესსეების კონკურსი თებერვალში გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა/სემინარი, სადაც ნუგზარ ბუაჩიძემ მოსწავლეებს კონკურსის პირობები გააცნო და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია ჩაატარა ვერცხლისწყლის მავნებლობაზე.  

31 მარტს კი დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GRF) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით ჩატარდა.

ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გამარჯვებულმა მონაწილეებმა თავიანთი ესსეები წარმოადგინეს. 74 ნაშრომიდან 13 გამარჯვებული ესსეს ავტორი გამოვლინდა.

კონკურსის ყველა გამარჯვებულ მოსწავლესა და ხელმძღვანელ მასწავლებელს, შესაბამისი სერტიფიკატი და სამახსოვრო პრიზები გადაეცა.

ღონისძიებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი, პროექტის ''მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცების'' ეროვნული დირექტორი ირმა გურგულიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი ივანე წიკლაური  დაესწრნენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203