„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
კანონპროექტის ავტორის მოსაზრებები არ გაიზიარა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ. როგორც ნათია ზედგინიძემ განაცხადა, საათობრივი დატვირთვის მიუხედავად, სერტიფიცირებული პედაგოგების დანამატი იდენტური არ უნდა იყოს. მინისტრის პოზიცია კომიტეტის წევრთა უმრავლესობა დაეთანხმა.
კანონპროექტის ავტორი სერგო რატიანია, რომლის მოსაზრებითაც, პროექტის არსს წარმოადგენს ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანებაში სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის პუნქტებში არსებული შეზღუდვების მოხსნა და სამართლიანი და მოტივირებული წესის შემუშავება, რომელიც გულისხმობს სქემით განსაზღვრული მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობით გაცემას, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურების შესაბამისად, შეთავაზებული 13 და 15-საათიანი განაკვეთით დატვირთვაზე.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მითითებული საგაკვეთილო დატვირთვის ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, 26 401 სტატუსის მქონე პედაგოგია დასაქმებული. აქედან, საჯარო სკოლებში 25 800-მდე მასწავლებელი მუშაობს და მათ შორის სრული დანამატის მისაღებად საჭირო საათების რაოდენობა 5 869 პედაგოგს აქვს, რაც საჯარო სკოლებში დასაქმებულ სტატუსის მქონე მასწავლებელთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 23% -ს შეადგენს“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
დადგენილება, რომლის ამოქმედების პერიოდად 2020 წლის 1-ელ იანვარია განსაზღვრული, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქონიებს გავლენას. კერძოდ, თუ ხდება საბიუჯეტო სახსრებით შრომის ანაზღაურების პუნქტის ზრდა, მაშინ 40 მილიონი ლარის 20%, ანუ 8 მილიონი ლარი საბიუჯეტო შემოსულობების ნაზრდი იქნება.