ბაღების საკვებით მომარაგებისთვის თბილისის მერია ახალ კომპანიას არჩევს
22-05-2019

თბილისის ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგების უზრუნველსაყოფად შესაბამისი კომპანია უახლოეს დღეებში შეირჩევა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მას შემდეგ რაც კომპანია „ნილს“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები რამდენიმე ახალ კომპანიასთან, მანამდე კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვებას თავად ბაღები უზრუნველყოფენ.

ამასთან, კახა კალაძემ მშობლებს მიმართა და განაცხადა, რომ კვების კუთხით თბილისის ბაღებში დღეს არანაირი პრობლემა არ ფიქსირდება.

„ორი დღის წინ ჩვენ ხელშეკრულება გავწყვიტეთ კომპანია „ნილთან“, რომელიც კვებით ამარაგებდა ბაღებს. ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია ამ კომპანიასთან, თუმცა პირველი, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, კომპანია ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას და იმას, რაც ჰქონდა დავალებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ მოწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ. ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოესწორებინა ის ხარვეზები, რომელიც იყო დაფიქსირებული და ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის. კომპანიამ ხარვეზების გამოსწორება ვერ შეძლო და გავუწყვიტეთ ხელშეკრულება. მინდა აღსაზრდელების მშობლებს პასუხისმგებლობით და გულწრფელობით ვუთხრა, რომ კვებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. კვებით მომარაგებას თვითონ ბაღები უზრუნველყოფენ, იქამდე, ვიდრე ხელშეკრულება გაფორმდება. ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან დაჩქარებული წესით გვაქვს მოლაპარაკებები და ვფიქრობ, ხელშეკრულების გაფორმებას რამდენიმე დღეში შევძლებთ და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ბაღების კვებით მომარაგება შერჩეული კომპანიის მიერ“, - აცხადებს თბილისის მერი.

იხილეთ ასევე: თბილისის ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანიას მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203