„თავს დაფასებულად ვგრძნობ, თუმცა ვისურვებდი, მშობელს არ შეეძლოს მასწავლებელს თითი დაუქნიოს“- ბატიაშვილი ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა
23-05-2019

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრები დაიწყო.

დღეს მინისტრი პირველი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგებს შეხვდა და მათთან კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილა ის სიახლეები, რომელსაც უწყება საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს სთავაზობს. ამასთან, მოისმინა მათი შეფასებებიც.

შეხვედრაზე ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს შეთავაზება ნამდვილად მოსაწონია.პედაგოგებმა მასწავლებლის როლის გაძლიერებაზე და მისი ღირებულებაზეც ისაუბრეს.

„ძალიან დიდი მადლობა ამ შემოთავაზებისთვის. ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია. თუმცა თხოვნა მაქვს, რომ პედაგოგი იყოს დაფასებული. დიახ, მე ვგრძნობ თავს დაფასებულად, თუმცა ვისურვებდი მშობელს არ შეეძლოს მასწავლებელს თითი დაუქნიოს და ბავშვები მუდმივად არ გაიძახოდნენ - „ჩემი უფლებები"...  თან მიხარია ეს საკენკი, ასე დავარქვათ ჯილდოს, თან გული მწყდება. რამდენადაც შემოდის ვიღაცა და საკუთარ სახლს გატოვებინებს. სწორედ გამიგეთ, რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით,  მაგრამ ჩემზე დამსახურებული პედაგოგები წასულან ამ სკოლიდან, თუმცა მათთვის მადლობაც არ გადაუხდიათ ",  განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

როგორც რუსული ენის პედაგოგმა, ნათელა ფანგანმა აღნიშნა, მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, მასწავლებლობისთვის თავის დანებებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდა, თუმცა, კოლეგებისა და დირექტორის თხოვნით ასე არ მოიქცა. ახლა კი პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ჯილდოს შეთავაზება კი მისთვის სრულაიდ მისაღები, სასიხარულო და მოულოდნელი იყო.

„დღევანდელი შეხვედრა რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა. ჩვეულებრივ, მასწავლებლებს მინისტრი საერთოდ იშვიათად გვხვდება. თუ უფრო ახლოს იქნებიან მასწავლებლებთან მაღალი ეშელონის წარმომადგენლები, უკეთესი იქნება. ვფიქრობ, განათლებას ძალიან ბევრი რამ სჭირდება. რეფორმები ასე მარტივი არ არის. უშუალოდ ჯილდოს შემოთავაზება პირადად ჩემთვის ნამდვილი საჩუქარი იყო“, - განაცხადა ნათელა ფანგანმა.

როგორც კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა, თამარ კაპანაძემ განაცხადა, მათი სკოლიდან პროფესიიდან გასვლის და ჯილდოს აღების გადაწყვეტილება 10-მა პედაგოგმა მიიღო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203