ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, 5 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას მათემატიკაში ჩააბარებენ.
რატომ არის მათემატიკის გამოცდაზე ზოგიერთი ერთქულიანი დავალება უფრო რთული, ვიდრე ორქულიანი და მეტი? რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა იმისთვის, რომ ნაკლები შეცდომები დაუშვან? - ამ და სხვა, აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
etaloni.ge გთავაზობთ მათემატიკის გამოცდასთან დაკავშირებით დასმულ ყველაზე აქტუალურ კითხვებს და პასუხებს:
- ზოგიერთი ერთქულიანი დავალება უფრო რთულია, ვიდრე ორ ან სამქულიანი დავალება, რა განაპირობებს ამას?
- ერთქულიანი რთული ამოცანები ემსახურება მათემატიკაში ძლიერი აბიტურიენტის რეიტინგულ სიაში ობიექტურ დალაგებას. მარტივი ორქულიანი დავალებები ემსახურება, შეამოწმოს აბიტურიენტის მსჯელობისა და დასაბუთების უნარი მარტივ ამოცანებში.
- რომელი დავალებების შესრულება უჭირთ ყველაზე მეტად აბიტურიენტებს მათემატიკის ტესტში?
- აბიტურიენტებს შედარებით უძნელდებათ გეომეტრიის ღიაბოლოიანი დავალებების ამოხსნა.
- მათემატიკის გამოცდაზე რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ შეცდომებისაგან დავიზღვიოთ თავი?
- ყურადღებით გაეცანით პირობას და ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არითმეტიკული შეცდომები არ დაუშვათ. დაკვირვებით აწარმოეთ მათემატიკური გარდაქმნები. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ პასუხი ღია დავალებებში გამოყვანის, მსჯელობის, დასაბუთების გარეშე არ ფასდება.
- 38-ე, 39-ე და მე-40 ამოცანების ტიპზე სავარჯიშოდ რომელ სახელმძღვანელოებს ან ინტერნეტ რესურსებს ურჩევდით მოსწავლეებს?
ამ დავალებებში შესაძლებელია შეგხვდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ნებისმიერი საკითხი. იხილეთ საგამოცდო პროგრამები: https://naec.ge/#/ge/post/1843
- მათემატიკის გამოცდა წინა წლებთან შედარებით უფრო რთული იქნება?
საგამოცდო ტესტის სტრუქტურა და სირთულე წელს არ შეიცვლება.
- ბოლო 4-ქულიანი (მე-40) დავალების ამოსახსნელად განსაკუთრებით რომელ თემებს მიაქციონ აბიტურიენტებმა ყურადღება მომზადებისას?
ეს არის კომბინირებული ამოცანა, რომლის არც ერთი საკითხი არ სცილდება ეროვნული სასწავლო გეგმის ჩარჩოებს. კონკრეტული მზა ინსტრუქციის შემოთავაზება შეუძლებელია.
ასევე იხილეთ: რამდენი ადგილია მათემატიკაზე გამოცხადებული და რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა