ლაგოდეხში ექსკურსიის დროს მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის მოსწავლის ცხედარი იპოვეს
27-05-2019

ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის მოსწავლის ცხედარი იპოვეს. 

თბილისის კერო სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი სოფია ნიკოლეიშვილი, მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. შემთხვევა მიმდინარე წლის 26 მაისს მოხდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც, ასევე მონაწილეობდა ასამდე ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობიდან მოხალისეები.

„ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე წყალში. გოგონას საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები. გამთენიისას, პროცესებში ჩაერთნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

როგორც სკოლის დირექტორი ბადრი ჯავახიშვილი აცხადებს, ექსკურსიაზე წასვლის წინა დღეს მოსწავლეებისა და მშობლებისგან მიიღო ოფიციალური განცხადება, რომ მათ კლასს ექსკურსიაზე სურდა წასვლა.

დირექტორის განცხადებით, ყველა პროცედურა იმ რეკომენდაციების დაცვით მოხდა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქვს სკოლებისთვის მიცემული.

„ჩვენ გვაქვს სამინისტროსგან მითითება, სადაც წერია რომ ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული, გავლილი ჰქონდეს ტექნიკური დათვალიერება. აქვე დავძენ, რომ ავტობუსი რომლითაც მოსწავლეები ექსკურსიაზე წავიდნენ სკოლის საკუთრებაში იმყოფება და ტექნიკური დათვალიერებაც ერთი თვით ადრე გავატარეთ. მითითების მიხედვით ავტომობილს  უნდა ჰქონდეს ბავშვების აღმნიშვნელი ნიშანი, რომელიც ჩვენს ყველა ავტობუსს აქვს და უნდა ახლდეს ექიმი. ეს ყველა წესი დავიცავით.

ამასთან, მოსწავლეებს მე გავაყოლე ასევე ფიზკულტურისა და ისტორიის მასწავლებლები, ასევე იყვნენ დამრიგებელი და ექიმი ანუ ოთხი უფროსი ახლდათ და 17 მოსწავლე იყო...

აღმართს რომ შეუყვნენ ეს გოგონა დიდ ქვაზე შეხტა, რომელიც ხავსიანი იყო, ამის გამო ფეხი დაუცურდა და გადავარდა. მასწავლებელმა სადღაც ტურისტებისგან თოკი იშოვა მკერდზე მოიბა და მდინარეში გადაეშვა, თუმცა იმდენად სწრაფი მდინარე იყო, რომ ქვებს მიეჯახა და იძულებული გახდა უკან ამოეყვანათ. დამრიგებელი საავადმყოფოში მოხვდა იმდენად განიცადა ეს ყველაფერი.

ბავშვს მამა არ ყავს და დედა მარტო ზრდიდა. ძალიან კარგი მოსწავლე იყო. თუმცა ასეთი შემთხვევა მოხდა. ძალიან განვიცდით და მთელი კოლექტივი ვწუხვართ. მთელი სკოლა გლოვის რეჟიმშია“, - განცხადა ბადრი ჯავახიშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203