სასკოლო ექსკურსიების დროს მოსწავლეთა ტრანსპორტით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება - პარლამენტში კანონპროექტი შევიდა
27-05-2019

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ ინიციატივის მიღების შემთხვევაში დარეგულირდება სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის საკითხი, რითაც მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკი.

კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი არიან, დეტალურად ხდება სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების განსაზღვრა. კერძოდ:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებულია იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით;
  • მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას;
  • იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. ამასთან, როგორც ძირითად ისე სათადარიგო მძღოლს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე.
  • მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის გარდამავალი დებულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით მთავრობას ევალება 2019 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის შემუშავება და დამტკიცება

ამასთანავე, ცვლილებები იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“, რომლის გათვალისწინებით, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203