მასწავლებელი, რომელმაც სავარაუდოდ მოსწავლე პურის საყიდლად გააგზავნა, გაფრთხილებას მიიღებს - რა მოხდა N166 სკოლაში
28-05-2019

სოციალურ ქსელში თბილისის N166 საჯარო სკოლის 11 წლის მოსწავლის მშობელი წერს, რომ მისი შვილი მასწავლებელმა გაკვეთილიდან გამოიყვანა და თონის პურის საყიდლად გააგზავნა. თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა და მოსწავლემ მასწავლებლის პურზე გაგზავნა თავად შესთავაზა. მიუხედავად ამისა, ირმა ომანაძე ამბობს, რომ პედაგოგს წერილობით გაფრთხილებას მისცემს.

„ჩემი შვილი მარიამი გაკვეთილის დროს პედაგოგმა, რომელიც მას არ ასწავლის, კლასში შევიდა და სკოლის გარეთ, თონის პურის საყიდლად გაუშვა. N166 საჯარო სკოლა წერეთელზე პანთეონის გვერდით მდებარეობს, თონე კი „მეგალაინთან“. გაუშვეს ბავშვი თონის პურზე, დაკეტილი დახვდა, სკოლაში მიბრუნდა და თქვა დაკეტილიაო. ამის მერე გაუშვეს ელიავასკენ მდებარე თონეში. 

მე, რომელსაც მგონია, რომ ჩემი შვილი არის სკოლაში და ესწრება გაკვეთილებს, თურმე ელიავას ტერიტორიაზე დადის თონის პურის საყიდლად, სადაც ათასი ჩამოსული „მუშა“ დგას და ნუ არ ვიცი, ათასი ნარევი კაცი. ამ შემთხვევაში რას ფიქრობთ? რა მოვიმოქმედო? დავანებო თავი და უბრალოდ გავატარო და ვთქვა, რომ არაუშავს მასწავლებელს მოშივდა და ელიავაზე ბავშვი გაუშვა და მერე რა?! თუ მივიდე დირექტორთან და გავაგებინო რომ უფლება არ აქვს არავის, სხვისი შვილი ქუჩაში მარტო გაუშვას და თანაც გააჩნია სად? მესმის, იქვე სკოლასთან და ელიავაზე? 11 წლის ბავშვი? მეც ვარ პედაგოგი და აზრადაც არ მომივა ესეთი რამ“,- წერს მეკო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მშობელს დირექციისთვის არ მიუმართავს, თუმცა ის შეეცდება მშობელს დაუკავშირდეს და მისი პოზიცია მოისმინოს.

„მშობელს არ მოუმართავს ჩვენთვის, ნებისმიერი ფაქტის შესახებ, პირველ რიგში, სკოლის დირექცია უნდა იყოს ინფორმირებული, რათა შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. რამდენადაც ჩემი მოადგილე ესაუბრა თავად ამ მოსწავლეს და მის დამრიგებელს, იქიდან გამომდინარე გეტყვით, რომ საგაკვეთილო პროცესი დასრულებული იყო. ბოლო გაკვეთილი ჰქონდათ სპორტი, ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობდა, რომ პური უნდა ეყიდა და მოსწავლემ უთხრა, რომ თავად გაიქცეოდა.

უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული იყო და ქუჩა არ იყო გადასაკვეთი. ეს რომ გაკვეთილების დროს მომხდარიყო, სერიოზული დარღვევა იქნებოდა, მაგრამ გაკვეთილები დასრულებული იყო და VI კლასელმა მოსწავლემ თავად გამოხატა სურვილი. კრიმინალი არ მომხდარა, მაგრამ მასწავლებელს მივცემ წერილობით გაფრთხილებას ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე, შევეცდები მშობელსაც დავუკავშირდე და მისი პოზიციაც მოვისმინო აღნიშნულთან დაკავშირებით. უბრალოდ, გულდასაწყვეტია რომ ინფორმაციას გარეშე პირებისგან ვიღებთ. ეს ინფორმაცია პირველ რიგში მშობლისგან უნდა გაგვეგო“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა ირმა ომანაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203