„ბაღების დირექტორების, მასწავლებლებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა არ არსებობს“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა დას პორტის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრო სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვის მიმართულებით უფრო მეტად ჩაერთვება.
„ეს არის ნამდვილად ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენცია, თუმცა ვინაიდან აღმოჩნდა და უნდა ვაღიაროთ რომ, საკმაოდ რთულად წავიდა 2017 წელს მიღებული კანონი „სკოლამდელი განათლების შესახებ“, რადგან ძალიან კომპლექსურია და გარდა განათლების სისტემისა, იქ არის ჯანდაცვა, მუნიციპალიტეტები და ა.შ. ჩვენ უკვე გვქონდა პარლამენტთანაც საუბარი და განათლების სამინისტრო აიღებს უფრო მეტ ხელმძღვანელობას სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვის მიმართულებით.
რასაც ვაპირებთ უახლოეს მომავალში, ეს არის მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკაზე მუშაობა. ამ ეტაპზე ძალიან არათანაბარია და ზოგადად უნიფიცირებული სისტემა არ არსებობს, იგივე ბაღის დირექტორების მომზადების და სერტიფიცირების, ან მასწავლებლების, აღმზრდელ-პედაგოგების, იგივე მათი სახელფასო პოლიტიკა. გასაგებია, რომ მუნიციპალიტეტებს შესაძლებელია ჰქონდეთ დიფერენცირებული ხელფასები, დეცენტრალიზაცია სწორედ ამას გულისხმობს, თუმცა სახელფასო საბაზო ნიშნული განისაზღვრება ჩვენ მიერ. ეს ყველაფერი 2019 წლის განმავლობაში შემუშავდება“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.