ოქტომბრიდან თბილისში 5 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
05-06-2019

2019 წლის ოქტომბრიდან თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბაღების მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით, 11 მილიონი ლარია.

„2019 წლის შემოდგომიდან, ოქტომბრიდან დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ 5  საბავშვო ბაღი შეემატება. როგორც იცით, ჩვენ 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ. 5 უკვე მშენებლობის პროცესშია, უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება. 2 მათგანი შენდება გლდანის VI და VIII მიკრო რაიონებში, ერთი დიღმის მასივში, ერთიც ფონიჭალაში და ერთი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე. ჯამში, ამ ბაღების მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით, 11 მილიონი ლარია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.  

კახა კალაძის თქმით, ახალი ბაღების ბენეფიციარების რაოდენობასაც გაზრდის - დამატებით 1 500-მდე ბავშვი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სიარულს.

„ახალი ბაღების გახსნის შედეგად, თბილისში კიდევ 1 500-მდე ბავშვი შეძლებს ბაღში სიარულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბაღების რაოდენობა გაიზარდოს,  მოწესრიგებული იყოს ინფრასტრუქტურა, რათა უფრო მეტ მშობელს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავიანთი შვილები საბავშვო ბაღებში ატარონ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მშენებლობაში, რომელსაც ვახორციელებთ, აუცილებლად გათვალისწინებულია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203