„რთულია, როდესაც დედა წარსულში ლაპარაკობს შვილზე, მაგრამ დღევანდელი დღე დიდი ნუგეშია“ - გარდაბნის N4 საჯარო სკოლაში გმირების სტენდი გაიხსნა
06-06-2019

გარდაბნის N4 საჯარო სკოლის ისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი დღე შეემატა.

სკოლაში 2008 წლის ომში დაღუპული გარდაბნელი ახალგაზრდების სახელის უკვდავსაყოფად „ღიმილის ბიჭების“ სტენდი დიდი ემოციების - ტკივილისა და სიამაყის ფონზე გაიხსნა.

ღონისძიების მოწყობის იდეა გარდაბნის N4 საჯარო სკოლის ლიდერ დირექტორ მაია ჩადუნელს ეკუთვნის:

„როგორც რიგითი გარდაბნელი ვთვლი, რომ მომავალ თაობას სამშობლოს შეწირული გმირები უნდა გავაცნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად. ჩვენს სკოლაში ქართულს, როგორც მეორე ენას გმირის, გიორგი სხვიტარიძის დედა, ქალბატონი ლიანა ჯიშკარიანი ასწავლის. მისი ერთადერთი შვილი 2008 წლის ომს შეეწირა. დღევანდელი ღონისძიება სწორედ „ღიმილის ბიჭებს“ - ლევან დევდარიანს, გიორგი სხვიტარიძესა და ევგენი ხარძიანს ეძღვნებათ. სტენდის გახსნით სკოლა პატივს მიაგებს გმირებს და მათ ოჯახებს უცხადებს თანადგომას.“

სახელობითი სტენდი სიმბოლურად გიორგი სხვიტარიძის დედამ, ლიანა ჯიშკარიანმა გახსნა და თავისი შვილის თანამებრძოლი გმირების ოჯახის წევრებთან ერთად ემოციური სიტყვა წარმოთქვა:

„რთულია, როდესაც დედა წარსულში ლაპარაკობს შვილზე, მაგრამ მაინც ის მაძლევს ნუგეშს, რომ მისი სახელის უკვდავსაყოფად 11 წელია, ყველაფერს აკეთებენ. იგონებენ გიორგისა და მის მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის გმირებს. ჩემი ერთადერთი შვილი განაღმვის დეპარტამენტის კაპიტანი იყო, მან უპილოტო თვითმფრინავის შემოსვლის დროს თანამებრძოლების გადარჩენა შეძლო, თავად კი ვერ დააღწია თავი. დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის, მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მაიასა და ღონისძიების მონაწილეებს თანადგომისა და ჩვენი შვილების მოგონებისთვის.“

ღონისძიებას გმირების ოჯახის წევრებთან და თანამებრძოლებთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, რესურსცენტრის უფროსი ნინო გვარამაძე, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

მათ გმირების ღვაწლი გაიხსენეს და ბიჭების ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი, დაღუპულთა ოჯახებს თანადგომა გამოუცხადეს და ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიების მოწყობისთვის სკოლისადმი მადლიერება გამოხატეს.

შეხვედრის დასასრულს, ომის ამსახველი დოკუმენტური კადრების ჩვენებისა და ქართული მრავალჟამიერის ფონზე, ტკივილნარევი მოგონებები მამულიშვილი და განათლებული მომავალი თაობის ლექსმა, სიმღერამ და ცეკვამ სიამაყით გააგრძელა...

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203