რეგიონში არსებულ საჯარო სკოლებში ინტერნეტის მიწოდების პრობლემაა. მიუხედავად იმისა რომ დირექტორები აღნიშნული პრობლემის შესახებ ღიად საუბრობენ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზზეც ხშირად რეკავენ, ინტერნეტის მიწოდების ხარისხი არ უმჯობესდება. არადა განსაკუთრებით წლის ბოლოს, როცა დირექტორებს არაერთი დოკუმენტის მოწესრიგება და სისტემაში ატვირთვა უწევთ, ინტერნეტის ქონა აუცილებელი საჭიროებაა.
etalon.ge-სთან პირად საუბრებში სკოლების დირექტორები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც სკოლებში ახალი ინტერნეტ პროვაიდერი შევიდა, პრაქტიკულად აღარ აქვთ ინტერნეტთან წვდომა. მათივე თქმით, ამ ყველაფერს კი ის ართულებს, რომ სასწავლო წელი სრულდება, ასევე სკოლაში უინტერნეტობა დაემთხვა სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესებს და ამის გამო საკმაოდ ბევრი პრობლემა შეექმნათ, თუმცა სამინისტროსგან რეალური ქმედითი ნაბიჯები არ დაუნახავთ.
ინტერნეტის პრობლემაზე გვესაუბრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტანძიის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ბერიანი:
„უკვე მეორე კვირაა ინტერნეტი არ გვაქვს. ინტერნეტის პროვაიდერი შეგვეცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციაც მოგვაწოდეს, თუმცა მას შემდეგ რაც პროვაიდერი შეიცვალა ინტერნეტი ხარვეზით მოგვეწოდება. მოგეხსენებათ წლის ბოლოა, სამეურვეო საბჭოს არჩევნებია, მე-12 კლასები სკოლას ამთავრებენ, მათი შეფასებები ასატვირთია, ასევე პირველ კლასელებთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანებებია გასაკეთებელი, უამრავი საქმეა, რომელსაც ინტერნეტი სჭირდება. სამინისტროს ცხელ ხაზზეც გვქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია, თუმცა კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. გვეუბნებიან რომ პროვაიდერს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც ხან ირთვება ინტერნეტი ხან არა“, - აცხადებს თამაზ ბერიანი.
საჯარო სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ რომელიც ინტერნეტის მიწოდებას უკავშირდებოდა etaloni.ge განათლების მართვისა საინფორმაციო სისტემას დაუკავშირდა, რათა მათგან მიეღო კონკრეტული ინფორმაცია არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განაცხადეს, ინტერნეტთან დაკავშირებით არც ერთ საჯარო სკოლაში პრობლემა არ არსებობს.
„მაგთისთან“ ხელშეკრულება დაგვიმთავრდა და ახლა სხვა კომპანიასთან გავაფორმეთ იგივე ხელშეკრულება. თუმცა ის, რომ ინტერნეტთან დაკავშირებით პრობლემები არის, აბსურდია. ინტერნეტი ჩვეულებრივად მიეწოდება ყველა სკოლას“, - განგვიცხადეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
ჩვენს ინფორმაციაზე, რომ მაგალითად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე მესტიაში სკოლებს აქვთ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა და ამის შესახებ დირექტორები ღიად საუბრობენ, უწყებაში შემდეგი პასუხი გაგვცეს:
„მერწმუნეთ, რომ არ არსებობს საქართველოში სკოლა, სადაც ინტერნეტის პრობლემა იქნება. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ჩვენ ყველასთან გვაქვს კონტაქტი და ინტერნეტის პრობლემა არ არის. ახლა სკოლებში ინტერნეტით უზრუნველყოფას კომპანია „სქაიტელი“ ახორციელებს. 3 ივნისიდან დაიწყო კომპანიამ მუშაობა. თუ გგონიათ რომ „მაგთის“ და „სქაიტელის“ ინტერნეტი რამით განსხვავდება ცდებით. „სქაიტელის“ თანამშრომლობა უკეთესი პირობებით გაფორმდა. ამასთან, ჩვენ 6 მილიონი დავზოგეთ ამ ხელშეკრულების გაფორმებით“, - გვითხრეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.