ახალციხის ციხემ მოტომოყვარულთა შეჯიბრის დასკვნით ეტაპს უმასპინძლა
10-06-2019

ახალციხის ციხემ მოტომოყვარულთა და პროფესიონალთა შეჯიბრის დასკვნით ეტაპსა და დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა.

თბილისის კლუბ Enduro Georgia-სა და ახალციხის მოტოკლუბის Castle Riders Georgia-ს ოცამდე მრბოლელის მონაწილეობით გამართულმა შეჯიბრმა სტარტი სოფელი ღრელის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე რთული რელიეფის 40 კილომეტრიანი მონაკვეთი დაფარა.

ფინიშის ხაზი, ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსაათიანი რბოლის შემდეგ პირველმა Enduro Georgia სპორტსმენმა, გიორგი გახელაძემ გადაკვეთა, მეორე და მესამე ადგილები კი ახალციხის მოტოკლუბის მრბოლელმა, არმენ გრიგორიანმა და თბილისის კლუბის სპორტსმენმა, გიორგი ოთიაშვილმა გაინაწილეს.

საპრიზო ადგილების მფლობელებს შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ: პირველ ადგილზე გასულს თასი და ოქროს მედალი, ხოლო მეორე და მესამე ადგილოსნებს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. მოტორბოლაში მონაწილე ყველა სპორტსმენს სამახსოვრო სერტიფიკატი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპისა და მასშტაბის შეჯიბრი სამცხე–ჯავახეთში პირველად ჩატარდა და მოტორბოლის, როგორც სპორტის სახეობისა და რეგიონის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203