Etaloni.ge-ს სასკოლო ცხოვრების პულსზე უდევს ხელი და მიმდინარე აქტივობებს ფეხდაფეხ მიჰყვება.
რაც მთავარია, ინფორმაციას პირველი წყაროსგან გაწვდით და არსებულ რეალობას გაცნობთ.
მრავალი აქტუალური თემისა და გამოკითხვის შემდეგ, დავინტერესდით, როგორ აჯამებენ სკოლების წარმატებული მენეჯერები განვლილ სასწავლო წელს და რას თვლიან სკოლის მთავარ მიღწევად.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი ივანე თურქიაშვილი:
„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, სულ 10 მოსწავლე გვყავს და მომავალ წელს 3 ახალ წევრს ველოდებით. განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ჩვენ კონტიგენტს და ვცდილობთ, კომფორტული სასწავლო გარემო შევუქმნათ. განვლილ სასწავლო წელს დადებითად შევაფასებდი, იმდენად, რამდენადაც სხვა სკოლებიდან გადმოსული მოსწავლეები ძალიან შეგვეჩვივნენ, გალაღდნენ და აკადემიური მოსწრებაც საგრძნობლად გააუმჯობესეს.“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ღლიღვაშვილი:
„ჩვენს სკოლაში არაფორმალურ განათლებას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა. ვატარებთ და ვმონაწილეობთ არაერთ საინტერესო ღონისძიებაში, საკმაოდ წარმატებულადაც. გამორჩეულად მახსენდება „რა? სად? როდის?“-ში ჩვენი მოსწავლის მიერ რაიონის მასშტაბით წლის მოაზროვნის ტიტულის მოპოვება, ასევე დებატკლუბების შექმნა, მხიარულთა და საზრიანთა გუნდის წარმატებული ასპარეზობა. რა გითხრათ, მრავალმხრივი და ნაყოფიერი სასწავლო წელი გვქონდა.“
ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ხარაზიშვილი:
„განვლილი სასწავლო წელი სიახლეებით იყო დახუნძლული, საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ახალი მიდგომებით მეტ წარმატებას ველით. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, სულ 15 მოსწავლე გვყავს და 3 პირველკლასელს ველოდებით. სამწუხაროდ, უფრო მეტ მოსწავლეს ვაცილებთ ვიდრე ვიღებთ. წელს 13-მა მეთორმეტეკალსელმა დაამთავრა სკოლა, მინდა, წარმატებები ვუსურვო მათ მომავლის გზაზე.“
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ კოპალეიშვილი:
„გასული სასწავლო წელი საკმაოდ აქტიური და წარმატებული გახლდათ ჩვენს სკოლაში. მოსწავლეები სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებში ღირსეულად ასპარეზობდნენ. მაგიდის ჩოგბურთში რაიონის ჩემპიონები გავხდით, ერთმა მოსწავლემ კი ინგლისურ ენაში „კინგსის“ ოლიმპიადაში გაიმარჯვა და ახლა ლიეტუაშია მიწვეული. ჩვენი პედაგოგების 90% სერტიფიცირებული გახლავთ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სიახლეებს, სულ მალე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სპორტული დარბაზის სარემონტო სამუშაოები დასრულდება. დამეთანხმებით, მცირეკონტიგენტიანი სკოლისთვის არსებული შედეგები დიდი მიღწევაა. “
ახმეტის მუნიციპალიტეტის ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ პავლიაშვილი:
„სკოლაში მხოლოდ ერთი მოსწავლე გვყავს და მის განათლება-განვითარებას დავტრიალებთ თავს. მიუხედავად განსხვავებული სამუშაო სპეციფიკისა, მაქსიმალურად ვცდილობთ, საგანმანათლებლო ინოვაციებსა და გამოწვევებს ავუწყოთ ფეხი. ამის ერთერთი დასტური Etaloni.ge -სთან თანამშრომლობაა.“
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ცხადაია:
„გასული სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი გახლდათ ჩვენი სკოლისთვის. მოსწავლეებმა მრავალ საინტერესო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და წარმატებებიც მოიპოვეს. აქტიურად ვერთვებით „ეტალონში“, ინტელექტ-ჩემპიონატის მუნიციპალურ ტურში მეორე ადგილი სწორედ ჩვენმა მოსწავლემ დაიკავა. წელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ორმა პედაგოგმა მიიღო, 2-ს კი წამყვანზე აქვს განაცხადი შეტანილი. სკოლამ 6 კურსდამთავრებული გააცილა, მათ შორის ერთი ვერცხლის მედლის მფლობელი გახლდათ.“
სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბლა გომის საჯარო სკოლის დირექტორი ომარ ჩაჩუა:
„ჩვენი მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სპორტულ თუ ინტელექტუალურ აქტივობებში წარმატებული მონაწილეობით გამოირჩევიან. სკოლაში ხშირად ეწყობა საგნობრივი ღონისძიებები, გამოცდების მაგივრად შემაჯამებელი მუშაობები ჩავატარეთ. სკოლამ 10 კურსდამთავრებული გააცილა, გვყავდა 1 ოქროსმედალოსანი. წელს დაახლოებით 10 პედაგოგი გახდა სერტიფიცირებული და ახლა უფრო დიდი წარმატებების მოლოდინი გვაქვს.“
ახმეტის მუნიციპალიტეტის დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური:
„სკოლაში წლის განმავლობაში მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდა. ჩვენი მოსწავლეები შემეცნებით-სპორტულ ღონისძიებეში წარმატებით ასპარეზობდნენ. პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავენ. მალე ძალიან ბევრი უფროსი მასწავლებელი გვეყოლება. რაიონში გამართულ ღვაწლმოსილი მასწავლებლების კონკურსში ჩვენი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მედეა ბორჩაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, ახლა ის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის. წელს სკოლამ 35 მეთორმეტეკალსელი გააცილა, აქედან 2 მათგანი ოქროსმედალოსანი გახლდათ. სექტემბერში, ამ დროის მონაცემებით ,48 პირველკლასელს ველოდებით.“
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ითხვისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ომარ ფალავანდიშვილი:
„ჩვენი მოსწავლეები სასკოლო ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და სპორტულ ღონისძიებებში წარმატებით ერთვებიან. „კოკა- კოლას“თასზე გოგონათა გუნდი რაიონის ჩემპიონი გახდა. წელს ხუთი მასწავლებელი გახდა სერტიფიცირებული, 2 კი ახლა უნდა წარვადგინოთ. სექტემბრისთვის პედაგოგთა 80 % სერტიფიცირებული იქნება. წელს 10 მეთორმეტეკლასელი გავაცილეთ და მალე 12 პირველკლასელს მივიღებთ. სამწუხაროდ, მოსწავლეთა რაოდენობა შემცირებულია, სოფელი დაიცალა.“
სენაკის მუნიციპალიტეტის კოტიანეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ადამია:
„ჩვენს სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ამდენად სხვა შენობაში ვატარებდით გაკვეთილებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მხოლოდ 6 კლასია, მაქსიმალურად ვცდილობთ საგანმანათლებლო სიახლეებს ავუწყოთ ფეხი და სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა. ამ ეტაპზე 25 მოსწავლე გვყავს და სექტემბრიდან 11 პირველკლასელს ველოდებით.“
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წინწალაშვილი:
„მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები მრავალ შემეცნებით თუ სპორტულ აქტივობაში წარმატებით მონაწილეობდნენ. მათ უმრავლესობას მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს და წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი. პედაგოგებიც თვითგანვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და სასკოლო ცხოვრებას მეტად საინტერესოსა და აქტიურს ხდიან. ამდენად, განვლილ სასწავლო წელს დადებითად შევაფასებდი.“