რა ხდება მაშინ თუ აბიტურიენტი ინგლისური ენის ტესტში თემის დაწერაზე უარს იტყვის, რამდენ ქულიანია უცხოური ენის ტესტი და რამდენ სიტყვიანი უნდა იყოს თემა - აღნიშნულთან დაკავშირებით აბიტურიენტებს კითხვები აქვთ, მათ კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.
კითხვაზე - შესაძლოა თუ არა აბიტურიენტს მთლიანი ნაშრომი გაუნულდეს, თუ თემას არ დაწერს? - ცენტრში განმარტავენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რასაც დაწერს აბიტურიენტი, ყველაფერი გასწორდება.
ამასთან, ინგლისური ენის ტესტში თემა 16-ქულიანია, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი უარის იტყვის თემის დაწერაზე, მას 16 ქულა ავტომატურად აკლდება.
ცენტრის ცნობითვე, თემის დაწერისას სიტყვების რეკომენდირებული რაოდენობაა 120-150. თუ 110-ზე ნაკლები სიტყვა იქნება ნაშრომში, აბიტურიენტებს ქულა დააკლდებათ. იმ შემთხვევაში თუ 150-ზე მეტ სიტყვას დაწერენ, ნაშრომი სტანდარტულად შესწორდება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტებში გარკვეული ცვლილებები შევიდა: ტესტიდან ამოღებულია ერთ-ერთი დავალება, (არჩევითპასუხებიანი), რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით; საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა კი 80 იქნება, საგამოცდო დრო კი 2 საათი და 30 წუთია.
იხილეთ ასევე: რომელი დავალებაა ამოღებული ეროვნული გამოცდების უცხოური ენის ტესტიდან და რამდენი იქნება გამსვლელი ქულა