2020 წლიდან სპეცმასწავლებლების განვითარების სქემა ამოქმედდება
15-06-2019

2020 წლიდან სპეცმასწავლებლების განვითარების სქემა ამოქმედდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძემ სახალხო დამცველის მიერ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში 7 000-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა და ყველა მოსწავლეს სპეცმასწავლებელი ემსახურება. აბულაძის ცნობით, სკოლებში 3 ათასამდე სპეცმასწავლებელია.

„სისტემის რეფორმაზე როდესაც ვსაუბრობთ, იქ ცხადია იგულისხმება, რომ განათლება უნდა იყოს ინკლუზიური და განათლების რეფორმა უნდა იყის ინკლუზიური. ამასთან, უნდა გულისხმობდეს ყველა ინკლუზიური საჭიროების და ინტერესის მოსწავლის თანაბარი შესაძლებლობების მოსწავლის არსებობას. 2018 წლის ბოლოდან განხორციელდა „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებები, მათ შორის ეს შეეხო სპეცმასწავლებლებს. მანამდე ისინი იყვნენ ადმინისტრაციული თანამშრომლები და მიენიჭათ მასწავლებლის სტატუსი, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2020 წლიდან ავამუშავოთ სპეცსაგანმანათლებლო მასწავლებლების განვითარების სქემა და განვახორციელოთ მათი პროფესიული განვითარება უფრო მასშტაბურად. ინკლუზიური განათლება გულისხმობს როგორც პედაგოგების კომპეტენტურობას, ისე ადმინისტრაციული პერსონალის განათლებას და სკოლების ინფრასტრუქტურას. საკმაოდ მასშტაბური საქმეა. განათლების დაფინანსების ზრდა, რომელიც მთავრობის მხრიდან დაანონსდა 2022 წლისთვის მიემართება დიდწილად ინკლუზიური განათლებისკენ.

დღეის მდგომარეობით, სისტემაში იდენტიფიცირებულია და სკოლებში სპეცმასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ არის 7 000-ზე მეტი მოსწავლე. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. თუ მანამდე ხდებოდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამალვა, სახლში ჩაკეტვა სტიგმის გამო, მიმართვიანობა ძალიან გაიზარდა. 90 მულტიდისციპლინური გუნდი მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც მყისიერად გადის ველზე მოსწავლის შესაფასებლად როგორც კი განაცხადი შემოდის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ. დღეს შეგვიძლია ვიყოთ ძალიან მყარად კანონის დონეზე, სტანდარტების დონეზე და ციფრების დონეზე. ახლა ვმუშაობთ ალტერნატიულ კურუკულუმზე, სადაც განსაკუთრებით მძიმე დარღვევებია მოსწავლეების ამ სტანდარტზე. მასწავლებლების კომპეტენცია, ადმინისტრაციის კომპეტენცია და ინფრასტრუქტურა არის ის სამი მიმართულება, რომელზეც მომავალი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში თანხებსაც გავზრდით და აქტიურად ვიმუშავებთ“,- განაცხადა აბულაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ განათლების სამინისტრო დეტალურ აღწერას აკეთებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ამ პროცესში არიან ჩართულები ინჟინრები და სპეციალისტები. ამის შესაბამისად დაიგეგმება მომავალი 2020 წელი და მომდევნო წელი, რომ ყველა სკოლა იყოს ადაპტირებული. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ პანდუსი, აქ იგულისხმება სრული ადაპტაცია, მათ შორის შიდა სივრცეები იმისთვის, რომ მოსწავლეებს შეუზღუდავად ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ როგორც ბიბლიოთეკით, სასადილოთი და ყველა სივრცით, რითიც სარგებლობს სხვა მოსწავლე“,- განაცხადა აბულაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203