რაში დაიხარჯება მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს განათლების სისტემისთვის გამოყოფილი 90 მილიონი ევრო
18-06-2019

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას, დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს.

ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად ხელი მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მოაწერეს.

პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.

„კონკრეტულად კი ძირითადი რესურსი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში, სკოლების რეაბილიტაციაში. მოგეხსენებათ, რომ დღეს სკოლები საჭიროებენ განახლებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას. გარდა ამისა, ეს რესურსი ასევე მოხმარდება განათლების სფეროს სხვა მიმართულებებსაც, მათ შორის უმაღლეს და სკოლამდელ განათლებას. მიმდინარე კვირა ჩვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო. იცით, რომ 4 დღის წინ ხელი ასევე მოვაწერეთ გერმანულ მხარესთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში 22 მილიონი დაიხარჯება. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ განათლების კომპლექსურ რეფორმას მხარს უჭერენ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები. რეფორმის ყოველი მომდევნო ნაბიჯი სწორედ მათთან თანამშრომლობით განხორციელდება“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს:

  • სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება;
  • სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება;
  • პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

მსოფლიო ბანკში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოში განათლების რეფორმაში მნიშვნელოვან სიახლეა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მომზადებას  21-ე საუკუნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკისთვის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილება პედაგოგიკასა და სასწავლო პროცესში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაზე, ხარისხსა და ინოვაციებზე სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის უშუალო ბენეფიციარებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

განათლების სამინისტროს ცნობით, პროექტი უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობის პრინციპებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობებისა  და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას.  განახლებული აკადემიური პროგრამებით პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018-2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203