''დაილოცოს დედაენის შემოქმედი'' - ახალციხის N5 სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
14-04-2017

გაზაფხულის მზიანი დილაა, გაკვეთილები ჯერ არ დაწყებულა. Iგ კლასის (ხელმძღვანელი - მედეა მერაბიშვილი) მოსწავლეების განწყობა საზეიმოა. სკოლაში ''დედაენისადმი''  მიძღვნილი ღონისძიება იწყება. 

14 აპრილი ხომ დედაენის დღეა, მოსწავლეებმა ერთხელ კიდევ უნდა შეახსენონ ყველას, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა. ენა ხალხის საკუთრებაა, მას მოვლა, დაცვა და გაფრთხილება უნდა.

''დაილოცოს დედაენის შემოქმედი'' - ასეთი სათაური აქვს დღევანდელ ღონისძიებას. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ''დედაენაზე'' სიტყვები, ლექსები,  შეასრულეს სიმღერები. პატარებმა ასევე გააცოცხლეს დიდი იაკობის ცხოვრება და შემოქმედება, აქეს და ადიდეს ქართული ენა. დადეს ფიცი, რომ თუ საჭირო გახდა, ''დედაენას'' კბილებით დაიცავენ. მზიანი დილა ერთიანად ალამაზებდა ზეიმს. მზე მოზეიმეებს თავის სხივებში ახვევდა და გაღიმებული ჩურჩულებდა: ''დედაო ენავ, დედაო ენავ''... 

ყმაწვილებს ეს ლამაზი დღესასწაული სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ, სასწავლო ნაწილის გამგემ ზოია ბალიაშვილმა და რიტა კირკიტაძემ მიულოცეს. სიტყვით გამოვიდნენ მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც ბავშვებს წარტმატებები უსურვეს. 

ავტორი: ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203