„საუკეთესო, რაც შეიძლება მამამ უსურვოს შვილს“ - გაიცანით დაწყებითი კლასის პედაგოგი თამაშის დიდაქტიკით
21-06-2019

მასწავლებლობამ იმდენად მონუსხა, რომ აგერ უკვე 37 წელია, ყოველ დღე დიდი სიხარულით შედის გაკვეთილზე...

ამბობს, რომ მენტალურად პრაქტიკოსი პედაგოგია და მისი მთავარი მიდგომა თამაშით დიდაქტიკაა, ასე უფრო თავისუფალი და შემოქმედებითია შემეცნება...

თბილისის N89 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, მერაბ გოგიამ წლების მანძილზე მოსწავლეებისა და მშობლების დიდი სიყვარული და ნდობა დაიმსახურა.

მან წელს სადამრიგებლო IV კლასი წარმატებული მომავლის გზაზე ემოციურად გააცილა და როგორც ბავშვებისთვის გამორჩეული მასწავლებელი, მოულოდნელი და საპატიო მედლით დაჯილდოვდა.

„ამ მედალს მნიშვნელოვანი ემოციური დატვირთვა აქვს. 65 წლის ასაკში ჩემთვის ამაზე დიდი პატივი არ არსებობს. მშობლებმა მოულოდნელად გადმომცეს სიმბოლური და საპატიო ჯილდო. ეს კლასი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობითა და ერთობლივი მუშაობით ყოველთვის გამოირჩეოდა. მათ შვილებს სკოლის პირველივე დღეებიდან ვხელმძღვანელობდი, ერთად მრავალი საინტერესო გაკვეთილი შევქმენით და მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვეთ. თამაშ-თამაშით შემეცნების პროცესი ისე მიდის, რომ ვერც კი ხვდები, როგორ იზრდები და ვითარდები. მასწავლებლობა ღმერთის განგებაა და ჩემი მოსწავლეების შემხედვარე ბედნიერი ვარ,-“ აღნიშნა მერაბ გოგიამ.

- რას გულისხმობს თქვენეული თამაშით სწავლების მოდელი?

- ვფიქრობ, ბავშვების მრავალმხრივი განვითარებისა და საგაკვეთილო პროცესში ეფექტური ჩართულობისთვის ეს მიდგომა მნიშვნელოვანია. მოსწავლეებს შეუძლიათ ინტუიციურად იგრძნონ, რომ მათ შემეცნებითი თამაში ელით, ოღონდ არ იციან როდის, გაკვეთილის დასაწყისში, შუაში თუ ბოლოს ამას სპონტანურად მე ვწყვეტ. მთავარია, რომ აქვთ მოლოდინი და არიან ყურადღებით თუნდაც სიტუაციური აქტივობების დროს. ჩემთან ყოველი გაკვეთილი თამაშია, რა თქმა უნდა, იმდენად, რამდენადაც ეროვნული სასწავლო გეგმა იძლევა ამის საშუალებას. სკოლაში ძალიან კარგი დირექცია და კოლექტივი გვყავს, რომლებიც სასწავლო პროცესში ინოვაციური მიდგომების დამკვიდრებასა და სასკოლო ცხოვრების განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ.

- რას უსურვებთ ხოლმე მოსწავლეებს, როდესაც ემშვიდობებით?

- ჩემს ბავშვებთან ურთიერთობა სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვის დროს მუდმივად მექნება, ყოველთვის მოვიკითხავ რას შვებიან, როგორ სწავლობენ. იციან, რომ თუ რამე დასჭირდებათ ჩემი იმედი უნდა ჰქონდეთ. მათ მშობლებთანაც აქტიურად გავაგრძელებ თანამშრომლობას. რა გითხრათ, ყველაფერ კარგს ვუსურვებ მათ, საუკეთესოს, რაც შეიძლება მამამ უსურვოს შვილს.

- IV კლასთან ემოციური დამშვიდობების შემდეგ ელით თუ არა პირველკლასელებს სექტემბრიდან?

- დიახ, უკვე მყავს ახალი სადამრიგებლო პირველი კლასი და მომავალი სასწავლო წლიდან მეტი ენთუზიაზმით შევუდგები მათთან მუშაობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203