მიმდინარე 20 ივნისს საქართველოს პარლამენტისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილი ეხმაურება. ისინი ირაკლი კობახიძეს იურიდიული ფაკულტეტის დატოვებას მოითხოვენ.
„დატოვოს ირაკლი კობახიძემ იურიდიული ფაკულტეტი!“ - აღნიშნული მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა პეტიცია შექმნეს.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ სტუდენტების მიერ გავრცეელებულ პეტიციას:
„20 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია, რომელიც ეხმიანებოდა რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატის - სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის მთავარი სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტათაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის გახსნას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით დაიწყო.
სახელმწიფომ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 31 ჟურნალისტი, ხოლო რამდენიმემ მიიღო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანება.
ჩვენ, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს- ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას, რასაც შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალისმიერი დარბევა.
გუშინ მედიასაშუალებებით გავრცელებული პარლამენტის აპარატის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სტუმრების აეროპორტში დახვედრის, მათი დაცვით უზრუნველყოფის, გენერალური ასამბლეის ჩასატარებლად პარლამენტის შენობის მომზადებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების წინასწარ გაწერილი გეგმა თავისი ხელმოწერით დაამტკიცა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის“ კურსს. გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძე არ იცნობს/არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ისე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მან მხოლოდ დღეს, 21 ივნისს, საქართველოს მოქალაქეების დარბევის შემდეგ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვა თანამდებობა.
ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს უფლება უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებზე, რადგან თავად დაშორებულია ამ ღირებულებებს.
ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მოვუწოდებთ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას:
შენიშვნა: წინამდებარე პეტიციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილს და არ წარმოადგენს ფაკულტეტის შეხედულებებს“, - ნათქვამია გავრცელებული პეტიციის ტექსტში.