„პიონერთა ბანაკის შემდეგ, ბებოსთან ჩავდიოდი სოფლად“ - სკოლის წარმატებული დირექტორები მოგონებებით ბავშვობაში ბრუნდებიან
24-06-2019

სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად Etaloni.ge  საზაფხულო თემატიკით აგრძელებს მუშაობას და წარმატებული სკოლების დირექტორებს სულ სხვა კუთხით გაცნობთ.

ლიდერი ხელმძღვანელები ერთი დღით ბავშვობაში დავაბრუნეთ და ვთხოვეთ, თავიანთი საზაფხულო არდადეგები გაეხსენებინათ და მოსწავლეებისთვის მათთვის გამორჩეული ადგილების მონახულება ერჩიათ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მსხალდიდის საჯარო სკოლის დირექტორი აქბარ ველიევი:

„მამა მეცხვარე მყავდა და საზაფხულო არდადეგებზე ხშირად მივდიოდი მთაში. თან ოჯახს ვეხმარებოდი, თან სიგრილეში, ლამაზ ბუნებაში მეგობრებს ვხვდებოდი, ლაშქრობებზე დავდიოდით და ფეხბურთს ვთამაშობდით. ისე კაჭრეთის სკოლაში ვსწავლობდი, ვთვლი, რომ კახეთი საქართველოს ერთერთი ულამაზესი მხარეა და მოსწავლეებსაც ვურჩევდი მის მონახულებას, კარგი იქნებოდა, ალავერდს თუ ესტუმრებოდნენ.“

დაბა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ქომეთიანი:

„არდადეგებზე ფერსათში ჩავდიოდი ხოლმე ბებიასთან ერთად, ბევრი მხიარული მოგონება მაკავშირებს ამ სოფელთან. ბავშვობიდან ვთამაშობდი ჭადრაკს და ზაფხულობით ქობულეთში დავდიოდით ოლიმპიადებზე. ფეხბურთელი ვიყავი და გუნდი ხშირად ვსტუმრობდით ბანაკს. მიყვარდა აბასთუმანი, თრიალა და მწვანე ტბა, ოქროს ციხე და ამ ადგილების მონახულებას ვურჩევდი ახალგაზრდებს.“

საჩხერის მუნიციპალიტეტის შომახეთის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ მაჭარაშვილი:

„ჩვენ დროს პიონერთა ბანაკები იყო და ზაფხულის არდადეგებს იქ ვატარებდით. ყოველ წელს ახალ მეგობრებს ვიძენდით და ათასგვარი თამაშით ვირთობდით თავს. მიყვარდა კალათბურთი, ფეხბურთი და ჩოგბურთი, საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა. საქართველო ისტორიულ-კულტურული ძეგლებით მდიდარი ქვეყანაა და მოსწავლეებს მრავალი საინტერესო ადგილის მონახულება შეუძლიათ, თუმცა მე მაინც კახეთში სტუმრობას ვურჩევდი.“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დავითიანის საჯარო სკოლის დირექტორი სერგეი სერიხი:

„კომუნისტურ ბანაკში ერთხელ ვიყავი და არ მომეწონა, ვთვლიდი, რომ ბავშვთა უფლებები ირღვეოდა და იქ დაბრუნების სურვილი აღარც გამჩენია. ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სახლში მერჩივნა დარჩენა და ჩემი სოფლის, ცოდნისკარის ულამაზესი ბუნებით ტკბობა. დავდიოდით ნაკრძალებში, ჩანჩქერზე ვგრილდებოდით და თამაშებით ვირთობდით თავს. კახეთი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით მდიდარი მხარეა და ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდ ნახონ თუნდაც გრემი, ნეკრესი და წინანდალი.“

ცაგერის მუნიციპალიტეტის ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი:

„იქიდან გამომდინარე, რომ მთაში ვცხოვრობდით საზაფხულო არდადეგებს ზღვის პირას ვატარებდი. ბანაკებში დავდიოდი, სადაც მრავალი საინტერესო აქტივობა იგეგმებოდა. მაგალითად, ცნობილი მსახიობები გვსტუმრობდნენ და დადგმებს გვიწყობდნენ. ძალიან ლამაზი და მხიარული ბავშვობა მქონდა. მოსწავლეებსაც მუდმივად ვეუბნები, რომ აქტიურად ჩაერთონ საინტერესო პროგრამებში და რაც შეიძლება მეტი მოგონება დააგროვონ. ამ ზაფხულს ანაკლიაში მიდიან ბანაკში.“

შუახევის მუნიციპალიტეტის წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად ველიაძე:

„ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარს მთა და არდადეგებსაც სიამოვნებით ვატარებდი საყენდრიას საზაფხულო იალაღებზე. მეგობრები ერთად დავდიოდით ლაშქრობებსა და მდინარეზე, ბევრს საინტერესო ისტორიას ვყვებოდით. არსებობს ულამაზესი ადგილი ღომის მთა, სადაც, ლეგენდის თანახმად, წმინდანების საფლავი უნდა იყოს, მოსწავლეებს სწორედ მის მონახულებას ვურჩევდი.“

წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი ბობოხია:

„საზაფხულო არდადეგებს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებდი. თუ მთაში ვიყავით ლაშქრობებს ვაწყობდით და მდინარეზე დავდიოდით, საზღვაო კურორტებზე კი ძირითადად სპორტული აქტივობებით ვირთობდით თავს. ჩვენი მოსწავლეებისთვის აღმოსავლეთ საქართველო ნაკლებად ცნობილია, ამდენად ვურჩევდი, რომ ახალი ადგილები მოევლოთ და რაც შეიძლება მეტი შთაბეჭდილება დაეგროვებინათ.“

მესტიის მუნიციპალიტეტის კალას საჯარო სკოლის დირექტორი რაულ გულბანი:

„სოფელში ვცხოვრობდი და როგორც ჩემი თანატოლების უმრავლესობა, საზაფხულო არდადეგებსაც სახლში ვატარებდი. ოჯახს სამეურნეო საქმეებში ვეხმარებოდი და თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად მდინარეზე დავდიოდი. ვთამაშობდით ლახტობანას, ფეხბურთსა და ფრემბურთს. ვხეტიალობდით მთებში და ლამაზ ბუნებაში ვისვენებდით. ძალიან მინდა, რომ ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ჯერ საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები მოვინახულოთ, შემდეგ კი მეზობელ ქვეყნებს ვესტუმროთ.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის კვახჭირის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ჩხიკვაძე:

„ზაფხულობით პიონერთა ბანაკებში დავდიოდი, ჩვენთან თერჯოლაში იყო ასეთი „საპოვნელა“, ბორჯომისა და ახალდაბის ბანაკებშიც ნამყოფი ვარ. სიმართლე გითხრათ, მაშინაც საკმაოდ ინტერაქტიული აქტივობებით ვიყავით დაკავებული, უბრალოდ ის იყო, რომ დილაობით ხაზში უნდა გვევლო წითელი ყელსახვევებითა და დროშების ფრიალით. მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ დასვენებასა და გართობასთან ერთად არდადეგები შემეცნებითად გაეტარებინათ და საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები მოევლოთ, არაჩვეულებრივია სვანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი.“

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი  ხათუნა ფიფია:

„ყოველ ზაფხულს სქურში დავდიოდი პიონერთა ბანაკში, წალენჯიხის ულამაზესი ადგილია და ჩემთვის ძვირფას მოგონებებთანაა დაკავშირებული. მეგობრები ვთამაშობდით ჭადრაკს, ვაწყობდით პოეზიის საღამოებს, ფეხბურთსა და ფრემბურთში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. სხვათა შორის, ფრემბურთს პროფესიონალურად ვთამაშობდი, რამდენიმე წლის წინ კი მასწავლებელთა გუნდმა სამეგრელო-ზემო სვანეთში მეორე ადგილი დავიკავეთ შეჯიბრებაში. ბანაკის შემდეგ, ტრადიციულად, ოჯახთან ერთად ბორჯომში ვისვენებდი, და-ძმასთან ერთად დედას მივყავდი, მამა კი სახლ-კარს უვლიდა და ხანდახან სანახავად ჩამოგვაკითხავდა ხოლმე. ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი. მოსწავლეებსაც ყოველთვის ვურჩევ, რომ საზაფხულო არდადეგები შინაარსიანად გაატარონ, შეიკრიბონ და საქართველოს ლამაზ კუთხეებში იმოგზაურონ.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203