როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი - რჩევები აბიტურიენტებს, მასწავლებლებს და მაგისტრანტობის მსურველებს
ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს იწყება, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა - 10 ივლისს, ერთიანი სამაგისტრო გამოცდა კი - 17 ივლისს.
მანამდე კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობის შესახებ რჩევებს სთავაზობს:
- ცხადდებით საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას;
- რეგისტრაციის გავლამდე აბარებთ ზედმეტ ნივთებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი იკავებთ თქვენთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში;
- სექტორში დაგირიგდებათ პასუხების ფურცელი და ფურცელი შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: კალამი, რუკა, მენდელეევის ტაბულა);
- ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი;
- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს);
- ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა - მთელი საგამოცდო პროცესი იწერება;
- საგამოცდო დროის ამოწურვის, ან თქვენ მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც ადასტურებთ უწყისში ხელმოწერით. ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებთ ნამუშევარს, რითაც საგამოცდო პროცესი სრულდება;
- პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ასევე იხილეთ: ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება - იხილეთ სრული განრიგი
სამაგისტრო გამოცდის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია
მასწავლებელთა გამოცდები 10 ივლისს დაიწყება2019 წლის საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტები და ცენტრების ჩამონათვალი