როგორი გარემო დახვდებათ აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში - ფოტოკოლაჟი
30-06-2019

მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტების მისაღებად მზად არის.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში - თბილისის N175 სკოლაში განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ საგამოცდო სექტორები.

მისი თქმით, საგამოცდო ცენტრები გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. სოფო გორგოძემ ასევე აღნიშნა, რომ აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო, წელს დამატებით 2 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში. 

„წელს აბიტურიენტების დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა, ამიტომ დაგვჭირდა ცენტრების დამატება. ხულოში მხოლოდ დილის სესიაა და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე არ იყო საჭირო გაგრილების სიტემის დამონტაჟება. ყველა სხვა საგამოცდო ცენტრი კი გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი.  წელს საგამოცდო ცენტრებში იქნება უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე წინა წელს იყო.

ცენტრებთან მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ასევე, ცენტრებთან მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მინდა მივმართო აბიტურიენტებს, რომ არ დაიგვიანონ გამოცდაზე. ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრის მისამართს. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ყველას ვუსურვებ წარმატებებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის“,-აღნიშნა სოფო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება. 10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17-24 ივლისს კი გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 000-მდე კანდიდატმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4 600-მდე სტუდენტმა გამოთქვა, მასწავლებლის კომპეტენციას 31-500-მდე აპლიკანტი დაადასტურებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203