„მეორედ გავდივარ შეჩერებული მაქვს სტუდენტის სტატუსი“ - როგორ აფასებენ გამოცდის სირთულეს აბიტურიენტები
01-07-2019

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.  I სესიიდან გამოსული აბიტურიენტები ძირითადად ამბობენ, რომ ტესტი მათთვის საშულო სირთულის იყო.

გთავაზობთ იმ  აბიტურიენტების კომენტარებს, რომლებმაც უკვე დატოვეს საგამოცდო ცენტრი:

„გამოცდაზე რომ შედიხარ, ცოტას ნერვიულობ რა თქმა უნდა, რადგან წინასწარ არ იცი რა უნდა დაწერო. ყველაზე რთული ჩემი აზრით, მხატვრული ტექსტის ანალიზი იყო. ლექსი შემხვდა გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე“ და ერთადერთი ალბათ, მაგაში ავიღებ ნაკლებ ქულას. დანარჩენი საკმაოდ მარტივი იყო. არგუმენტირებული ესე იყო - მედიის გავლენა საზოგადოებაზე. უნდა დათანხმებულიყავი ან უარგეყო მოსაზრება: მასობრივი ინფორმაციის წყაროები ზეგავლენას ახდენენ მოსახლეობაზე და მე დავეთანხმე. ასევე ტექსტის რედაქტირება იყო 16-ქულიანი და დავწერე. ილიას უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება ფსიქოლოოგის ფაკულტეტზე",- განაცხადა გიორგი ქუთათელაძემ.

„გამოცდა არ გამჭირვებია საკმაოდ მარტივად დავწერე ყველა საკითხი. ცოტა სიმკაცრე იყო ცენტრში. რეგისტრაციის გავლის შემდგომ გამოსვლა მინდოდა და არ გამომიშვეს. სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგში იყო“,- განაცხადა საბა ტაბაღუამ.

„საშუალო სირთულის იყო გამოცდა. ვფიქრობ წარმატებით დასრულდება ყველაფერი და შედეგებს დაველოდები. გაჭირვებით არ გამჭირვებია არც ერთი საკითხი. აბიტურიენტებისთვის, ვინც მეორედ გადის, წესით მარტივი უნდა იყოს გამოცდა. მეც მეორედ გავდივარ, შეჩერებული მაქვს სტუდენტის სტატუსი და მინდა მეორედ ვცადო ბედი. სამართალზე მინდა ჩაბარება და იმედი მაქვს, გამომივა. რაც შეეხება საგამოცდო ცენტრს და გარემოს, საკმაოდ მოწესრიგებული იყო ყველაფერი და არანაირი ხარვეზი ან პრობლემა არ შემქმნია",- განაცხადა ნინო სულთანიშვილმა.

„თემა იყო რამდენად დიდი როლი აკისრია მასობრივ ინფორმაციის საშუალებებს საზოგადოებაზე. არჩევითი იყო გალაკტიონ ტაბიძის ლექსი, რომელიც არ წამიკითხავს და მეორე იყო „გლობალიზაცია“. საერთო ჯამში სირთულის მხრივ, ნორმალურად შევაფასებდი“, - განაცხადა დავით ტაბატაძემ.

„რა გავლენას ახდენს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ასევე იყო გალაკტიონ ტაბიძის ლექსი. თემა იყო ვანო ჯანდიერის მონაკვეთზე და იყო ტექსტის რედაქტირება. მთლიანობაში კარგად შევაფასებდი. მარტივი იყო გამოცდა“,-ამბობს გიორგი ფაიქრიძე.

„გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე“ იყო გასააზრებელი და უნდა გვესაუბრა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გავლენაზე - რამდენად ძლიერია ეს გავლენა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. უცხო ტექსტიც იყო მაგრამ გალაკტიონი ავირჩიე. არ იყო რთული ტესტი. გამიმართლა... რედაქტირებაც არ იყო რთული, საშუალო სირთულის ტესტი იყო“,- განაცხადა ნათია ტარიელაშვილმა.

„ქაქუცა ჩოლოყაშვილზე შემხვდა ტექსტის ანალიზი. ასევე, რა გავლენას ახდენს მასობრივი საინფორმაციო საშუალებები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. რედაქტირება მზის სათვალეზე იყო თუ როგორ შეიქმნა. ტესტი მარტივი იყო ჩემი აზრით. სავარაუდო პასუხებით რაც იყო ტექსტის ანალიზი, ის გეხმარებოდა ტექსტის ანალიზის დასაწერადაც. მშვიდად ჩაიარა გამოცდამ. გავიყინე ისეთი სიგრილე იყო“,- განაცხადა მარიამ აბაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203