ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდი ყოველთვის ვნებათაღელვით არის ხოლმე სავსე როგორც თავად აბიტურიენტებისთვის, ისე მათი მშობლების, ახლობლებისა და გულშემატკივრებისთვის.
აბიტურიენტებს წელსაც ტრადიციულად გარეთ ელოდებიან გულშემატკივრები, რომელთა ნაწილიც ტროტუარებზე გარეთ მზეში ზის. რატომ არ არის წელს მშობლებისთვის მოწყობილი საგამოცდო გარემო, თუნდაც, ისე როგორც გასულ წელს იყო, როცა მერიამ მომლოდინეებს სკამები დაუდგა და ამით მათ შედარებით გაუადვილდათ ლოდინის პროცესი. ამ კითხვით etaloni.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელს, სოფო გორგოძეს მიმართა.
„რაც შეეხება სკამებს, მე როგორც ინფორმაცია მაქვს, წინა წელსაც თავიდან არ იყო და შემდგომ დადგეს, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ასობით მშობელი მოდის და ეს სკამები მაინც არ არის საკმარისი. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში აბიტურიენტებისთვის შევქმნათ ყველა პირობა.
მშობლებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ აქ იყვნენ და დაელოდონ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 18 წლის ახალგაზრდები არიან და შეუძლიათ დამოუკიდებლად გამოვიდნენ გამოცდაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ვუშლით დალოდებას და ამის შესაძლებლობა მშობლებს აქვთ. ამასთან, ყველა ტერიტორია არის ისეთი, სადაც ახლომახლო არის კაფე ან პარკი ან გასასვლელი და მშობლებს შეუძლიათ იქ გადაინაცვლონ თუ ცენტრთან დიდხანს ვერ გაჩერდებიან. მოგეხსენებათ, დღეში საშუალოდ, 1 000 აბიტურიენტს იღებს თითოეული ცენტრი და შეიძლება 500 მშობელი მოვიდეს და ასეთი პირობები არ გვაქვს და იმედია გაგვიგებთ“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.