რამდენიმე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების დაგვიანების შემთხვევები დაფიქსირდა
01-07-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებით, რამდენიმე საგამოცდო ცენტრში დაგვიანების შემთხვევა დაფიქსირდა და ის აბიტურიენტებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში - თბილისის N103 საჯარო სკოლაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„2019 წლის გამოცდები დაიწყო. გამოცდები მიმდინარეობს 23 საგამოცდო ცენტრში. გამოცდების პირველი სესია 9 საათზე დაიწყო ყველა საგამოცდო ცენტრში. ცხადია, არის ერთეული შემთხვევები, სადაც აბიტურიენტმა დააგვიანა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი და ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გადაამოწმონ საგამოცდო ბარათები. აუცილებლად იქონიონ თან პირადობის მოწმობა და დროულად გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში.

დღეს და ხვალ მოგეხსენებათ გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს და გაგრძელდება ზოგადი უნარების გამოცდით. საგამოცდო პერიოდი დასრულდება 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით. შედეგების გამოქვეყნება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება.

ცხადია, საგამოცდო ცენტრები სრულად იქნება ამ პერიოდში მობილიზებული. სრულად მოხდა სველი წერტილების განახლება, გაგრილების სიტემა მუშაობს ყველა საგამოცდო ცენტრში. ასევე 2 საგამოცდო ცენტრი დაემატა წელს, რადგან ცოტა მეტი აბიტურიენტი გვყავს -  სულ 41 ათასი აპლიკანტია დარეგისტრირებული. საგამოცდო ცენტრები დაემატა ბათუმსა და ხულოში. ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ და მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები“,- განაცხადა აბულაძემ.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დღეს დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203