პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დაიწყო. დღეის მდგომარობით, საქართველოს მასშტაბით, 60 ათასი მასწავლებლიდან დაახლოებით 60% პრაქტიკოსია. პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად მოთხოვნები ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ სტატუსი დამატებითი კრედიტქულების მოპოვებით 2019 წლის ბოლომდე, ამის შემდეგ კი მიიღებენ გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს მინიმალურ კომპეტენციის დადასტურებას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.
Etaloni.ge დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ სკოლების დირექტორები დროებით ხელშეკრულებებზე. როგორც ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, მათი უმრავლესობა აღნიშნულ იდეას ემხრობა და ამბობენ, რომ პედაგოგებმა კომპეტენციის დადასტურება აუცილებლად უნდა შეძლონ.
ნინო შამილიშვილი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის კოხის საჯარო სკოლის დირექტორი:
„პედაგოგებს კარგი ხელშეწყობა აქვთ სახელმწიფოსგან და შესაბამისად, ყველა მათგანმა უნდა შეძლოს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღება. მასწავლებლები დადიან ტრენინგებზე, სირთულეების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ხელმეორედ ჩააბარონ გამოცდები. ამიტომ, ვფიქრობ, მინიმალური 30%-იანი ზღვარი ყველა პედაგოგმა უნდა გადალახოს“.
ეთერ ქარქოზაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის კირბლის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხებათ პედაგოგებს, მათ დროებით ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გააჩნიათ“.
თამაზ ფუტკარაძე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი:
„პედაგოგებს, რომლებიც საგნობრივ გამოცდას ვერ ჩააბარებენ, შემოდგომაზე განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ, რაც ვფიქრობ, ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა. ჩვენი სკოლის 23 პედაგოგიდან 8 უფროსი მასწავლებელია, დანარჩენები კი პრაქტიკოსი მასწავლებლები არიან. მათგან 3 პედაგოგის გარდა, ყველა მათგანი აბარებს საგნობრივ გამოცდას“.
ლეონინე სულაბერიძე - ვანის მუნიციპალიტეტის შუამთას საჯარო სკოლის დირექტორი:
„შეიძლება ცოტა მკაცრი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, პედაგოგმა, რომელიც იმ საგნის კომპეტენციას ვერ დაადასტურებს, რომელსაც მრავალი ათეული წელია ასწავლის (პროფესიულ უნარებზე არ ვსაუბრობ), აუცილებლად უნდა დატოვოს სკოლა. მესმის, რომ რთულია მათთვის ეკონომიკური სიდუხჭირის ჟამს სამსახურიდან წასვლა, რადგან პროფესია მათი არსებობის წყაროა, მაგრამ ყველა პედაგოგი დამეთანხმება, რომ თუ შესაბამისი კომპეტენცია არ გააჩნია, აუცილებლად უნდა დატოვოს სკოლა“.
ნატო ჩახუნაშვილი - ვანის მუნიციპალიტეტის ციხესულორის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლის თითქმის ყველა პრაქტიკოსი პედაგოგი მონაწილეობს პედაგოგთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, მათ შორის, ერთი საპენსიო ასაკის გახლავთ. ვფიქრობ, პედაგოგი, რომელიც ვერ ჩააბარებს მასწავლებლის გამოცდებს, აუცილებლად უნდა დატოვოს სკოლა“.
ზაურ ბოლქვაძე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაურის N 2 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ამ საკითხის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. პედაგოგი, რომელიც ვერ შეძლებს 30%-იანი ბარიერის გადალახვას, სკოლაში არ უნდა მუშაობდეს. ჩვენი სკოლის 6 პედაგოგი აბარებს აღნიშნულ გამოცდას და დიდი იმედი მაქვს, ყველა მათგანი ჩააბარებს“.
ამირან თოიძე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაკვანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
„მიმაჩნია, რომ პედაგოგებს წლის ბოლომდე საკმარისი დრო აქვთ მოსამზადებლად და შესაბამისად, ყველა მათგანმა უნდა შეძლოს გამოცდის ჩაბარება. ჩვენი სკოლის დაახლოებით, 9 მასწავლებელი მონაწილეობს პედაგოგთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაში და ველოდები თითოეული მათგანის შედეგს“.
დავით ჯაბუა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხრიალეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
„მასწავლებლებს დიდი დრო ჰქონდათ გამოცდისთვის მოსამზადებლად და შესაბამისად, გამოცდის ჩაბარება არ უნდა გაუჭირდეთ. ჩემი სკოლის 5 პედაგოგი მონაწილეობს აღნიშნულ გამოცდებზე, მათ შორის, არიან პენსიონერებიც“.
შოთა კუბლაშვილი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედა მესხეთის, ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორი:
„სახელმწიფო პედაგოგებს ყველანაირად უწყობს ხელს სტატუსის ასამაღლებლად. შესაბამისად, თუ რომელიმე მასწავლებელი თავისი უმოქმედობის გამო ვერ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას, მათი ბრალი იქნება. სკოლის პედაგოგებისთვის ტარდება ტრენინგები, დადიან გამოცდებზე, ატარებენ გაკვეთილებს და ყველანაირად ემზადებიან გამოცდისთვის“.
Etaloni.ge იმედოვნებს, რომ ყველა პედაგოგი გახდება სერტიფიცირებული და თითოეულ მათგანს წარმატებებს უსურვებს.