„წინა წლების ტესტებთან შედარებით რთული იყო“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ
11-07-2019

დღეს აბიტურიენტებმა ბიოლოგიის გამოცდა ჩააბარეს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტესტი საშუალო სირთულის იყო, თუმცა წინა წელთან შედარებით უფრო მეტად გართულებული ეჩვენათ.

„არც ისე რთული იყო. ერთ-ერთი დავალებაში ბავშვი იყო დახატული, რომელსაც რაქიტი ჰქონდა და გეკითხებოდნენ რისი ნაკლებობა იწვევს რაქიტსო. რთული დიდად არ იყო, უფრო დასაფიქრებელი იყო. ამოცანები შედარებით რთული იყო: ერთი იყო მამლებზე, ფერების შეჯვარებაზე და ა.შ. საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი რომ რთული იყო“,- განაცხადა თბილისის 173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„წინა წლების ტესტებთან შედარებით, რთული იყო. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რამე ისეთი იყო, რაც არ ვიცოდი ან არ გამივლია. ტესტები უფრო მარტივი იყო“,- გვითხრა აბიტურიენტმა.

„ეკოლოგიასა და ევოლუციაზე იყო ბევრი საკითხი. პირამიდა იყო 2 თუ 3 და მაგის მიხედვით უნდა დაგეწერა ტესტები. თუ პირამიდები იცი, რთული არ იყო. ამოცანებიდან ერთი იყო ქათმებზე, ფერების შეჯვარებაზე და ბიბილოების ფორმაზე და მარტივი იყო ეს. ერთი იყო კალიებზე და სისხლის ჯგუფებზე. ამოცანები მარტივი იყო. ბოლოში ღია კითხვებში მოცემული იყო მიტოზის ფოტოები, რომელიც ცოტა გაურკვეველი იყო ქრომოსომები არ ჩანდა ნორმალურად, მაგრამ რთული მაინც არ იყო. საერთო ჯამში, რთული არ იყო, მაგრამ წინა წელთან თუ შევადარებთ, მაშინ ვიტყვი რომ კი“,-განაცხადა სანდრო ჟურულმა.

„გენეტიკის საკითხები ნაკლებად იყო, უფრო ევოლუციასა და ეკოლოგიაზე იყო. გააჩნია როგორ იცი, მაგრამ რთული არ ყოფილა. ერთი სისხლის ჯგუფებზე იყო, კიდევ ერთი დავალება კვებით ჯაჭვზე. ამოცანები ნაკლებად იყო, უფრო მეტად ტესტები იყო. პირამიდები იყო კიდევ მოცემული და იმის მიხედვით იყო რამდენიმე დავალებაზე პასუხი გასაცემი. სხვა საკითხები აღარ მახოვს. ტესტები უმარტივესი იყო“,- განაცხადა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

ბიოლოგიის გამოცდისთვის რეგისტრაცია 15:00 საათზე, გამოცდა კი 16:00 საათზე დაიწყო და 2 საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ბიოლოგიის გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 96%-მეტი გამოცხადდა.

წელს ბიოლოგიაზე 3 500-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 5 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203