„მასწავლებლებისთვის პენსია რომ გაეზარდათ, ყველა წავიდოდა“ - პედაგოგის კომენტარი გამოცდიდან
12-07-2019

დღეს, პირველ სესიაზე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები დაწყებითი საფეხურის საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა) კომპეტენციას ადასტურებენ.

როგორც გამოცდიდან გამოსულმა საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგმა (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) გვითხრა, წელს პირველად გავიდა გამოცდაზე.

„მხოლოდ უნარებზე ვემზადებოდი, ტრენინგები გავიარე, საგნის გამოცდებისთვის დიდად არ მოვმზადებულვარ. გამოცდა რთული და საშინელება არ ყოფილა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ადვილი იყო. ყველაზე მეტად ქართულის ანალიტიკური დავალება გამირთულდა, დანარჩენი დიდად არ გამჭირვებია“, - გვითხრა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან აპლიკანტმა.

etaloni.ge-სთან მან ასევე ისაუბრა საპენსიო ასაკის პედაგოგების შეთავაზებაზე, რომელიც 2-წლიან ფულად ჯილდოს უკავშირდება და აღნიშნა, რომ ჯილდოს ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა სტაბილური შემოსავლისთვის, მასწავლებლებისთვის პენსია გაეზარდათ.

მისივე თქმით, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2019 წლის ბოლომდე სტატუსს ვერ აიმაღლებენ და დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებენ, სწორი გადაწყვეტილებაა.

„პენსიონერი ვარ, მაგრამ ჯილდოს აღება არ მომდომებია. უნარები ჩავაბარე, კმაყოფილი ვარ, საგანში თუ ვერ ავიღე ისეთი ქულა, მოვემზადები და მერე კიდე ჩავაბარებ. ჩვენთან რაიონში კადრიც არ არის რეალურად. დირექტორსაც ვუთხარი, ნოემბერშიც თუ ვერ ჩავაბარე, წავალთქო. დროებითი ხელშეკრულებაც ძალიან სწორი მგონია. მე 11 საათი მაქვს სკოლაში და ამ საათზე 350 ლარზე არავინ მოვა. ყველაზე ცუდი ის არის, მასწავლებელი როცა უკვე ჩამოყალიბებულია, ტრენინგებს ესწრება და ყველა ახალ მეთოდს ეცნობი და ისე ასწავლი, ზუსტად ამ დროს გიშვებენ. ისე კიდევ ერთ რამეს გეტყვით, ამ ორწლიან ჯილდოს მასწავლებლებისთვის პენსია რომ გაეზარდათ და დაემატებინათ თუნდაც 150 ლარი, ყველა წავიდოდა. ეს ჯილდო ერთჯერადი თანხაა და ამის მერე რა უნდა ქნას ადამიანმა. პენსიაზე დამატება კი ერთგვარი სტაბილური შემოსავალი იქნებოდა და მართლა ყველა წავიდოდა“,- გვითხრა პედაგოგმა.

ასევე იხილეთ: ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი 6 000-მა საპენსიო ასაკის პედაგოგმა გამოთქვა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203