დღეს აბიტურიენტები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ხელოვნებაზე 700-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
იმის გასარკვევად რთული იყო თუ არა გამოცდა etaloni.ge საგამოცდო ცენტრიდან გამოსულ აბიტურიენტებს გაესაუბრა, რომელთა ნაწილიც თვლის, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო და სხვადასხვა ეპოქიდან იყო შეკითხვები.
„სხვადსხვა ეპოქიდან იყო მოსული საკითხები, სურათები იყო და უნდა გეთქვა ვინ იყო ავტორი და ვისი ნახატი იყო, ასევე ქანდაკებების სურათები იყო და ესეც თავადა უნდა დაგვეწერა ვისი შესრულებული იყო. საერთო ჯამში, მარტივი იყო, არ გამჭირვებია“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
„შესაბამისობები იყო, უნდა გცოდნოდა კარგად პერიოდიზაცია, კლასიფიკაცია უნდა მოგეხდინა. ასევე ჭეშმარიტი იყო თუ მცდარი მოცემული ფრაზები. უნდა დაგესაბუთებინა რატომ იყო მართალი და რატომ არა. რენესანსის, აღორძინების, ანტიკური პერიოდების ნამუშევრებიც იყო მოსული. ანტიკური პერიოდის ნამუშევრებიდან ძირითადად ბიუსტები იყო“, - გვითხრა თაკო გვასალიამ.
„როგორ გითხრათ, საერთო ჯამში, რთული არ იყო, თითქმის, ყველა ეპოქიდან იყო კითხვები. უფრო მეტად რელიგიური ტიპის ნახატებზე მოსული დავალებები დამამახსოვრდა, ასევე ეკლესიები იყო მოცემული და უნდა გამოგეცნო რა ტიპის არქიტექტურა იყო. რთული არ იყო, დაახლოებით იმავე ტიპის კითხვები იყო,რაც წინა წლების ტესტებში“, - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 94%-ზე მეტი გამოცხადდა.