„გოგებაშვილის „დედა ენაზე“ ვარ გაზრდილი და ვიცი რამდენად ღირებულია მოსწავლისთვის“ - დირექტორების შეფასებები
19-07-2019
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში იაკობ გოგოებაშვილის მეთოდით შედგენილი „დედა ენის“ სახელმძღვანელო დამატებითი სასწავლო რესურსის სახით შევა. ყველა პირველკლასელი კი აღნიშნულ სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებს.

მოსწონთ თუ არა სკოლებში იაკობ გოგოებაშვილის მეთოდით შედგენილი„დედა ენის“ დაბრუნება? - ამ კითხვით etaloni.ge-იმ სკოლის დირექტორებს მიმართა:

ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე:

„ჯერ დეტალებში ბუნებრივია ჩახედული არ ვართ, როგორია სახელმძღვანელო, რამდენად შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს, თუმცა, ცალსახად მომწონს ის, რომ „დედა ენა“ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს არის ის სახელმძღვანელო, რომლითაც ქართულს პრაქტიკულად თაობები სწავლობდა და თუ ამ წიგნის საშუალებით იქნება ეს კულტურული ბმა ამ ძველი მამების თაობასა და ახლანდელ შვილების თაობა შორის, რომ ერთნაირად აითვისონ და აღიქვან ეს ასოთა წყობა და სიტყვები, კარგია. ალბათ, გათვალისწინებული არის გარკვეული შესაბამისობები დღევანდელ სიტყვათა წყობასთან. ყოველი შემთხვევისთვის ის ვერსიები -  ქართული ენის პირველი კლასის სახელმძღვანელოები, რომლებიც იყო სკოლებში, გაცილებით მეტად საკამათო იყო და არ იყო ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასებული. ვფიქრობ, „დედა ენის“ გოგებაშვილისეული ვერსია უფრო ნაკლებად საკამათო იქნება. რაც შეეხება მასწავლებელთა განწყობას, მათ გოგებაშვილის „დედა ენის“ შერჩევა მოსწონთ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უბისის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა სახვაძე:

„მისაღები და მისასალმებელია. რაც აქამდე ისწავლებოდა, ისიც კარგი სახელმძღვანელო იყო. საზოგადოების მოთხოვნაც იყო „დედა ენის“ დაბრუნება და გაითვალისწინეს, აქამდე რა სახელმძღვანელოებითაც ისწავლებოდა, ისიც მისაღები იყო. ჩემი აზრით, არცერთი არ არის ცუდი, არც ის სახელმძღვანელო და არც „დედა ენა“. პედაგოგები თვითონ გადაწტყვეტენ და არჩევანს გააკეთებენ“.

ბათუმის N9 საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ სურმანიძე:

„რა თქმა უნდა, მოსაწონია. ჯერ ერთი „დედა ენა“ იმიტომ მოგვწონს, რომ აპრობაცია ძალიან კარგად აქვს გავლილი, ბავშვის სწავლის დონეც ძალიან კარგი იყო. მეორე, რა თქმა უნდა, უნდა იყოს „დედა ენა“, მაგრამ შეიძლება თანამედროვე სიახლეებიც შეიტანო, მაგრამ მთლიანად შეცვლილი არა“.

გორის N8 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ედიშერაშვილი:

„დაწყებითი კლასების მასწავლებელი გახლავართ და ბავშვებს კითხვას გოგებაშვილის მეთოდოლოგიით ვასწავლი. გულწრფელად გეტყვით, თვითონ ინიციატივა ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, იმიტომ რომ „დედა ენის“ ანალოგი ერთ-ერთ გამომცემლობას აქვს გამოცემული. „დედა ენა“ თვითონ სახელმძღვანელო, როგორც წიგნი არის არაჩვეულებრივი საჩუქარი პირველკლასელი ბავშვებისთვის, მაგრამ ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ეს არ უნდა იყოს სავალდებულო სახელმძღვანელო და უნდა იყოს არჩევანის თავისუფლება აუცილებლად. რაც შეეხება პედაგოგებს, არავის არ აქვს ამაზე უარყოფითი დამოკიდებულება. ჯერ ჩვენ არ გვინახავს ეს წიგნი, რანაირი წიგნია, შიგ რა ტექსტებია, რაზეა, ძალიან ძნელია, აი ასე ბუნდოვანია ჩვენთვის. წინასწარ რატომ უნდა ვიყოთ ნეგატიურად განწყობილები ამ საკითხის მიმართ, როდესაც სახელმწიფო ჩუქნის ბავშვს უფასოდ წიგნს. უბრალოდ, შეიძლება ნეგატივი გამოიწვიოს იმან, რომ დაავალდებულონ მასწავლებელი, რომ ერთ სახელმძღვანელოზე იყოს მიწებებული. დღეს მთელი მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცე იყენებს მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს“.

ბათუმის N31 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ქობულაძე:

„კი მომწონს, ახლა მთლად ის ძველი ვერსია ცოტა რთულია, მაგრამ განახლებული, თანამედროვე მოთხოვნებს რომ შეესაბამება, უკეთესი იქნება.  პირვანდელი გამოცემული ვერსია ბავშვებისთვის ცოტა რთული იყო, მაგრამ განახლებული ვერსიები, რა თქმა უნდა, კარგი იყო. იყო ისეთი მოთხრობები, რომლებიც ბავშვებს სიკეთეს და ერთმანეთის დაფასებას მოუთხრობდა“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვისთავის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გრიგოლია:

„რა თქმა უნდა, მოგვწონს, ოღონდ პრაქტიკაში ეგ წიგნი არ გვინახავს და „დედა ენა“ ყველაფერს შეიძლება დაარქვა. ერთი წლის შემდეგ უკეთესად გვეცოდინება, პრაქტიკაში რომ გამოვცდით. ძველი „დედა ენა“ დიდი ხანია უკვე ხომ გამოცდილია, 100 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს „დედა ენას“. გამოცდილი რომ არის, უფრო მინდობილია მასწავლებელიც, მშობლებიც და დამშვიდებულები არიან. ავტორიტეტის მიერ შედგენილია და ეს კომპონენტები მუშაობენ ერთობლიობაში“.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრაულის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა გურგენიძე: 

„დედა ენის“ დაბრუნებას მივესალმები, მაგრამ სპეციალისტმა საგნის მასწავლებელმა უკეთ იცის სწავლების მეთოდიკა რამდენად მისაღებია. მე თვითონ მათემატიკის მასწავლებელი ვარ და მომწონს. რა თქმა უნდა,  საერთო აზრს თუ მეკითხებით და კონკრეტულად შეიძლება თვითონ სპეციალისტმა უკეთესი რჩევა მოგვცეს ამ საკითხზე. ჩემი მასწავლებლები ყოველ შემთხვევაში, თანახმა არიან და მიესალმებიან“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის კონდიდის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ლაზიშვილი:

„ყველა მასწავლებელმა, ვინც კი შემეხმიანა, დიდი მხარდაჭერა გამოამჟღავნა და გამოიჩინა. ძალიან კარგი იქნება, რა თქმა უნდა. არის სხვადასხვა მოსაზრებები. 21-ე საუკუნეს არ ედარება იაკობის „დედა ენაო“, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, აზრი დალაგებულია და ნამდვილად მისასალმებელი იქნება. მე მაგალითად, ვეთანხმები და მხარს ვუჭერ. წინა წლებში, როდესაც სახელმძღვანელოებზე  იყო საუბარი,  ყველა სინანულით იხსენიებდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ და ამ წუთში, რა შეიცვლებოდა, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერენ“.

ვანის მუნიციპალიტეტის დუცხუნის საჯაროს სკოლის დირექტორი თეა თვალაბეიშვილი:

„რა თქმა უნდა, ჩვენი თაობა „დედა ენით“ გაიზარდა. ჩემი აზრით, სწორი არჩევანია, ჯერ ის, რომ იაკობ გოგებაშვილის მიხედვით არის შედგენილი, ილუსტრაციაც კარგია. ჩემი აზრით, მისასალმებელია.  წელს მე თვითონ რომ ვასწავლიდე პირველ კლასში გადავხედავდი, შევადარებდი და უფრო შემეძლებოდა დასკვნის გაკეთება. ეგ პირადად ჩემზე არ არის დამოკიდებული. ვისაც პირველკლასელებთან აქვს ურთიერთობა, იმ პედაგოგის გადასაწყვეტია, რომელია ბავშვისთვის უკეთესი.  წელს, ისევე, როგორც შარშან, სკოლაში პირველკლასელები არ გვყავს. დაწყებითების სპეციალისტი ვარ და რამდენიმე წლის წინ რომ ვასწავლიდი „დედა ენის“ წიგნით, მაშინ წინასაანბანო პერიოდი სამი თვე იყო გათვლილი და მაშინ ეს მიზანშეწონილად მიგვაჩნდა და კარგადაც ვეტეოდით და ვამზადებდით საანბანო პერიოდისთვის. ამით ვანიჭებ უპირატესობას, რომ იქ სამთვიანი წინასაანბანო პერიოდი იყო. მე „დედა ენით“ ვიზრდებოდი,  მერე მე ვზრდიდი ამ წიგნით ბავშვებს. ალბათ, მიჩვეულიც ვიყავით და რაღაცა ტრადიცული იყო უფრო იაკობ გოგებაშვილთან ასოცირებული“.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ხანის საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო დანაჩევი:

„მივესალმები, სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა, ძალიან გამიხარდა. მე გოგებაშვილის „დედა ენაზე“ ვარ გაზრდილი და ვიცი რას ნიშნავს და რამდენად ღირებულია მოსწავლისთვის. წელს პირველ კლასში მყავდა შვილი და მწყდება გული, რომ „დედა ენის“ შესწავლას ვერ მოესწრო, მაგრამ ეს კურსი მაინც აუცილებლად უნდა გავატარო“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203