მიმდინარე წლის 31 ივლისს, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა, როგორც გაირკვა 13%-მა, ანუ 5 000-მდე აბიტურიენტმა ზღვარი ვერ გადალახა. აბიტურიენტების ნაწილი პროტესტსა და უკმაყოფილებას გამოთქვამს ამ საგნის ტესტის სირთულის გამო. აქვე აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან, ზოგადი უნარები სავალდებულო საგანი აღარ იქნება.
5 000-მდე ჩაჭრილი აბიტურიენტი, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა შედეგები და უნარების, როგორც სავალდებულო საგნის მოხსნის გადაწყვეტილება - ამ კითხვებით, etaloni.ge სხვადასხვა სკოლის დირექტორს დაუკავშირდა.
ნონა კობიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახაშნის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ეს რიცხვი საგანგაშო არ არის თუკი წინა წლების შედეგებს გავითვალისწინებთ. რაც შეეხება ზოგადი უნარების, როგორც სავალდებულო საგნის გაუქმებას, ნამდვილად არასწორია ეს გადაწყვეტილება, რადგან უნარები არის ის, რაც ყველას უნდა გააჩნდეს. ასევე აქ მნიშვნელოვანია ძალიან მარტივი, მაგრამ ამავდროულად საჭირო მათემატიკური ნაწილი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს“.
კუკური ნაცვლიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:
„წლევანდელი შედეგები ბევრად არ სცილდება შარშანდელს, ამიტომ ვიტყოდი, რომ საშუალოა ეს ციფრი. ჩემს სკოლაში მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ზღვარი. მომავალი წლიდან, უნარების გაუქმებას სავალდებულო საგნად დადებითად შევაფასებდი, რადგან აუცილებელია აბიტურიენტებს მივცეთ თავისუფლება არჩევანში და თავად გადაწყვიტონ რისი ჩაბარება სურთ და რისი არა“.
კასპის მუნიციპალიტეტის სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ჩერქეზიშვილი:
„რა თქმა უნდა, ჩაჭრილთა რაოდენობა ძალიან მაღალია, ეს კი გამოწვეულია დაბალი სწავლების ხარისხით. ჩემს სკოლაში ყველამ გადალახა აღნიშნული ზღვარი, მაგრამ ზოგადად, ყველა სკოლაში პრობლემაა უნარებთან დაკავშირებით. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ ზოგადი უნარები სავალდებულო საგნად კვლავ უნდა დარჩეს, რადგან აუცილებელია მომავალი დროის შესაბამისი განათლებისათვის უნარების ცოდნა“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური:
„არ არის მაღალი პროცენტული რაოდენობა, წინა წლების გათვალისწინებით ეს დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. ჩემს სკოლაში მხოლოდ ორმა ბავშვმა ვერ გადალახა ზღვარი. ზოგადი უნარების სავალდებულო საგნიდან ამოღება აბიტურიენტებს ნამდვილად გაახარებთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სწორი არ იქნება“.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ღლიღვაშვილი:
„საკმაოდ მაღალი და სამწუხარო რიცხვია 5000. ჩემი სკოლის მონაცემებიდან თუ ვიმსჯელებთ, ყველა აბიტურიენტმა, რომელიც დარეგისტრირებული იყო ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური ბარიერი. როგორც აბიტურიენტები ამბობენ, ზოგადი უნარები წელს საკმაოდ რთული იყო, მომდევნო წლიდან მართალია ის სავალდებულო საგანი აღარ იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, მისი საჭიროება უდაოდ მაღალია“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ბახბახაშვილი:
„ჩაჭრილთა რაოდენობა წელს მაღალი იყო. ჩემს სკოლაში 11 აბარებდა და ყველამ გადალახა ბარიერი, მაგრამ საკმაოდ დაბალი ქულებით. უნარების ამოღება სავალდებულო საგნის პოზიციიდან მიუღებელია, რადგან აბიტურიენტი იქ სწავლობს იმ უნარებს, რაც მთელი ცხოვრება შეიძლება გამოადგეს მას“.
წალკის მუნიციპალიტეტის არსარვანის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ხორგუანი:
„რა თქმა უნდა, არ არის კარგი მაჩვენებელი. უნარებს რაც შეეხება, ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას, რომ ის სავალდებულო საგანი აღარ იქნება მომავალი წლიდან, იმიტომ რომ აბიტურიენტების ჩაჭრა ძირითადად სწორედ ამ საგანში ხდებოდა“.
კასპის მუნიციპალიტეტის ხოვლის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ჯალალი:
„5 000 რიცხვი საკმაოდ მაღალი რიცხვია, ასევე დაბალია მათი ქულების მაჩვენებელიც, ვინც ზღვარი გადალახა. ზოგად უნარებს რაც შეეხება, კარგი იქნებოდა ის მომავალი წლიდანაც დარჩენილიყო სავალდებულო საგნად, რადგან აბიტურიენტებისთვის ეს საჭიროა“.
ქარელის მუნიციპალიტეტის ბერძენაულის საჯარო სკოლის დირექტორი ივანე გისი:
„საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ეს, ჩემს სკოლაში ორივე საგანში გადალახეს ზღვარი თან საკმაოდ მაღალი ქულებით. უნარებზე ყველა ამბობს, რომ რთული იყო, თუმცა ჩემი აზრით სავალდებულო საგნად კვლავ უნდა დარჩეს ის, რადგან იქ რასაც სწავლობენ ყოველთვის, ყველაფერში გამოადგებათ მოსწავლეებს“.
ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ავალიანი:
„ვფიქრობ, მაღალია ეს რიცხვი ამდენი არ უნდა ჩაჭრილიყო. ჩემს სკოლაში ვინც აბარებდა, ყველამ გადალახა ზღვარი. ჩემი აზრით, სწორია გადაწყვეტილება მისი სავალდებულო საგნიდან ამოღების შესახებ, რადგან სწორი იქნება რა საგნებსაც სკოლაში სწავლობენ, ისინი იყოს სავალდებულო ეროვნულ გამოცდებზე“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტეზრის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ჭადაშვილი:
„ძალიან უარყოფითი და ცუდი მაჩვენებელია ეს. ასევე ვიტყოდი, რომ უნარების სავალდებულო საგნიდან ამოღება მართებულია ჩემი აზრით, რადგან სკოლაში როგორც საგანი არ ისწავლება“.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ვაყის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა მაჭარაშვილი:
„როგორც ვიცი, ყოველ წელს თითქმის მსგავსი მაჩვენებელია, ამიტომ, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ ამ რიცხვში. რაც შეეხება უნარების, როგორც სავალდებულო საგნის ამოღებას აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ რომ უნარებში შეჯერებულია ყველა საგნის შედეგად მიღებული ცოდნა, შესაბამისად, მისი ცალკე ჩაბარება არ არის მართებული“.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ცირეკიძე:
„ჩემი აზრით, ჩაჭრილთა რაოდენობა საშუალო მაჩვენებლზე მიუთითებს, რაც განგაშის საფუძველს არ იძლევა“.
ქალაქ სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა თევზაძე:
„როგორც ვიცი ძალიან რთული იყო უნარები და ამიტომ იყო დაბალი შედეგებიც და ჩაჭრილთა ასეთი რაოდენობაც სწორედ ამის გამო დაფიქსირდა. ჩემი სკოლის ყველა მოსწავლემ გადალახა ზღვარი, მაგრამ ყველაზე მაღალი ქულა ამათგან 33-ია. სწორი იქნებოდა, სკოლაშივე ისწავლებოდეს უნარები და თავიდანვე შეეჩვიონ ამას, მისი სავალდებულო საგნიდან ამოღება კი აბსოლუტურად გაუმართლებელია, რადგან ამის საჭიროება დღეს ნამდვილად დგას“.
ქალაქ სამტრედიის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი:
„რიცხვი ნორმალურია ჩემი აზრით, თუკი წინა წლების შედეგებს გავითვალისწინებთ. ჩემი სკოლიდან ყველამ გადალახა ზღვარი. უნარებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ უნდა დარჩეს სავალდებულოდ, რადგან რა სფეროშიც არ უნდა მოუწიოთ მათ მუშაობა ყველგან საჭიროა უნარების ფლობა“.
სენაკის მუნიციპალიტეტის კოტიანეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ადამია:
„ჩაჭრილთა რაოდენობა მაღალი ნამდვილად არ არის, თუმცა, მოსწავლეები ტესტის სირთულეს უჩიოდნენ. ის ფაქტი, რომ უნარები სავალდებულო საგანი აღარ იქნება ეროვნულებზე ცუდი გადაწყვეტილება არ არის, რადგან იმას უნდა აბარებდნენ მოსწავლეები, რასაც სკოლაში სწავლობენ და ზედმეტი თანხის გადახდაც არ უნდა უწევდეთ უნარებში მოსამზადებლად“.