მიმდინარე წლის 16 სექტემბრისთვის ცნობილი იქნება რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე რომელი საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზე საუბრისას განაცხადა.
„მშობლებსაც და აბიტურიენტებსაც სჭირდებათ ინფორმაცია თუ რომელ პროგრამაზე რომელი საგანის ჩაბარება მოუწევთ. სწავლის დაწყებასთან ერთად, 16 სექტემბერს ცნობილი გახდება აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტის ყველა პროგრამაზე რომელი საგნის ჩაბარება დასჭირდებათ აბიტურიენტებს“,-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე, და მეორე მხრივ, აბიტურიენტების მზაობის უკეთ შეფასებას კონკრეტული პროგრამისათვის. საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადექვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტურებული მსჯელობის უნარი.
ასევე იხილეთ: 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ - დეტალები