2008 წლის აგვისტოს რუსუეთ საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა, თუმცა ამ დღეების გახსენება ყველასთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით კი სწორედ გორში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ორმაგი პასუხისმგებლობა ომის შემდგომ პერიოდში სწორედ რომ გორის მუნიციპალიტეტის დირექტორებს დააწვათ მხრებზე, ვინაიდან სწორედ ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მოსწავლეებისთვის ის ტრაგედია და სტრესი უნდა შეემსუბუქებინათ, რომელის გადატანაც ამ ბავშვებს ომის დღეებში მოუწიათ.
Etaloni.ge გთავაზობთ გორის მუნიციპალიტეტების დირექტორთა მოგონებებს ომსა და ომის შემდგომ პერიოდზე:
გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი მეგი ცუხიშვილი:
„მაშინ შინდისის სკოლის დირექტორი ვიყავი, ომი რომ დაიწყო დოკუმენტების გამოსატანად ვიყავი სკოლაში შესული. მაშინ მამაჩემმა 32 ჯარისკაცი შეაფარა სკოლის სარდაფს. ჩემმა ოჯახმა ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ომი, ჩემი მამამთილი მოგვიანებით შიშისგან გარდაიცვალა.
მძიმე იყო სასწავლო წლის დასაწყისიც. სკოლაში რომ დავბრუნდით სექტემბერში, ქარს რომ ტოტი შეერხია ბავშვები მაგაზეც კი ხტოდნენ. ძალიან დიდი დრო დასჭირდათ რომ ამ ტრავმიდან გამოსულიყვნენ. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ ბავშვებთან, რათა ეს ტრავმა გადაგვეტანინებინა მათთვის“.
ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ედიშერაშვილი:
„ძალიან მიჭირს ამ პერიოდის გახსენება. ჩემი მეუღლე პირადად გახლდათ ამ ყველაფრის მონაწილე. სამხედრო პირი იყო და გორში როცა დაბომბვა მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ტერიტორიიდან გასვლას უზრუნველყოფდა. ამ პერიოდში მე და ბავშვი ბორჯომში ვიყავით და ძალიან სტრესულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სანამ სკოლა დაიწყებოდა მანამდე უკვე ქალაქი თავისუფალი იყო და ჩვენები იყვნენ თუმცა ყველაფერი ძალიან სტრესული და უღიმღამო იყო მაშინ“.
გორის მუნიციპალიტეტის ახრისის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე:
„იმ პერიოდში ახალი დანიშნული ვიყავი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, რა თქმა უნდა სოფელში ვიყავი და ერთი წუთით არ დამიტოვებია არც სკოლა და არც სოფელი. ახალგაზრდები, მოხუცები გადიოდნენ სოფლიდან, თუმცა ჩემი ასაკის ხალხი დარჩა მაინც. თავისებური შიში რა თქმა უნდა არსებობდა, თუმცა ის რომ ყველა გავქცეულიყავით ასე არ ყოფილა. სანამ ომი არ დამთავრდა აქ ვიყავი. ვინც დარჩა თითქმის ყველანი ერთად ვიყავით, ხშირად ჩემთანაც რჩებოდნენ ღამე რომ ერთად ვყოფილიყავით. თუმცა იმედი ყოველთვის გვქონდა“.
გორის მუნიციპალიტეტის ქვემო ნიზოქის საჯარო სკოლის დირექტორი ციცინო მინდიაშვილი:
„ქვემო ნიქოზში ვიყავი ოჯახთან ერთად როცა ეს ყველაფერი დაწყო. სიმართლე გითხრათ იმდენი რამ გადავიტანე გახსენებაც კი არ შემიძლია, ახალი გასულები ვიყავით როცა ვენს სახლს ბომბი დაეცა. მახსოვს, როგორც ფეთქდებოდა ჩვენს თავზე ბომბები, როგორ აფეთქდა ჩვენი მანქანა ეზოში, მადლობა ღმერთს რომ მშვიდობით გავაღწიეთ და თბილისში ჩავედით.
ძალიან მძიმე პერიოდი იყო ყველასთვის განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, ომამდე რამოდენიმე წლის აშენებული იყო ჩვენი სკოლა, თუმცა უკან გორში დაბრუნებულებს სკოლა მიწასთან დაგვხვდა გასწორებული. სკოლაც დაიბომბა, რის გამოც მოსწავლეები ზემო ნიქოზის სკოლაში დაგვყავდა ტრანსპორტით. 5 წლის განმავლობაში ვატარეთ მოსწავლეები მეზობელი სოფლის სკოლაში, თუმცა ახლა საბედნიეროდ ახალი და ძალიან ლამაზი სკოლა გვაქვს“.
გორის მუნიციპალიტეტის პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ მიხანაშვილი:
„სკოლას ვარემონტებდით და 8 აგვისტოს დილით რომ მივედით სკოლის კარების გასაღებად პირველი ბომბი მაშინ ჩამოვარდა. ჩვენ არაფერი ვიცოდით მაშინ, მოგვიანებით გავიგეთ, მუშები რა თმა უნდა წავიდნენ და მაშინ დაიწყო ყველაფერი. იქვე ვიყავი როცა ჩვენებმა ჩამოაგდეს რუსების სტრატეგიული თვითმფრინავი. ხალხი გამორბოდა გორიდან, რუსებმა დაიწყეს ომი და მოხდა ის, რაც მოხდა. ომი დიდი ხანია დაიწყო და რუსებმა დაიწყეს“.
გორის მუნიციპალიტეტის ხელთუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ფიქრია მუმლაძე:
„ძალიან მძიმე გასახსენებელია. გუშინ სკოლაში დროშები დავუშვით და ყველაფერი გამახსენდა. ორმაგად მძიმეა როცა ოჯახში ბავშვები გყავს და მათ უსაფრთხოებაზე ფიქრობ. ისეთი მოულოდნელი იყო თავი ზღაპარში გვეგონა თუმცა სამწუხარო რეალობა აღმოჩნდა. 2 დღე ვიყავით და მერე თბილისში წავედით. ამ პერიოდში კი კარგი არაფერი გაგვიგია. ომის დროს დაიღუპა ჩვენი ერთი მოსწავლე, ბევრი ახლობელი დავკარგეთ... რა გითხრათ ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. ვცდილობდით ერთმანეთს დავკავშირებოდით, ჩემი მამათილი დარჩა სახლში, ბევრი მოხუცი დარჩა. სკოლაშიც ყოფილან ჯარისკაცები შესულები, ბაღებში იყო ბევრი აუფეთქებელი იარაღი.
იმ პერიოდში სამძიმარზეც კი ვერ მივდიოდით ვერავისთან და როცა დავბრუნდით მერე დავდიოდით სამძიმარზე. როგორ გითხრათ საშინელებაა სახლის დატოვება, იმ გარემოს დატოვება სადაც ცხოვრობ, მერე უკვე ყველაფერი გენანება ადამიანს. გვქონდა განცდა რომ ყველაფერი დავკარგეთ. მაშინ მივხვდით რას გრძნობდნენ აფხაზეთიდან დევნილები, თითქოს მათი მდგომარეობა გავითავისეთ. ერთი რაც უნდა ავღნიშნო ის იყო რომ სადაც უნდა წავსულიყავით ვინც გაიგებდა რომ გორიდან ვიყავით ყველა თანაგრძნობით და ყურადღებით გვექცეოდა“.
გორის მუნიციპალიტეტის ოთარშენის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ნამორაძე:
„ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი გორში ვიყავით როცა ომი დაიწყო და იმ დრეს წავედით როცა ქალაქში შემოვიდნენ, თუმცა დაბომბვის დროს ქალაქში ვიყავით. ძალიან რთული იყო, ვხედავდი როგორ მიდიოდნენ ჯარისკაცები. ყველას გვეშინოდა ტერიტორიების გამო, ჯარისკაცების გამო, ქაოსი იყო, ერთმანეთსაც ვეღარ ვუკავშირდებოდით რადგან კავშირიც მუდმივად არ იყო... რთულია ამ ყველაფრის გახსენება...“
ქალაქ გორის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბერძენიშვილი:
„რა გითხრათ მძიმე ომი იყო და ჩვენთვისაც და ყველასთვის რთული იყო. ურთულესი პერიოდი იყო თითოეული ქართველისთვის. მახსოვს პირველი სასწავლო წელიც, როცა დევნილი ბავშვები გადაანაწილეს სხვადასხვა სკოლებში ჩვენთანაც 300-მდე ბავშვი შემოიყვანეს. ამ დროს უკვე 1100 ბავშვი გვყავდა სკოლაში. საკმაოდ სტრესული მდგომარეობა ჰქონდათ ბავშვებს. თბილისიდან ფსიქოლოგების ჯგუფიც იყო ჩართული და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის რომ ბავშვები მდგომარეობიდან გამოსულიყვნენ. ზოგადად ბავშვებსაც ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ ამანაც იქონია გავლენა“.