„ეროვნულმა გამოცდებმა საგამოცდო  სისტემა გახადა გამჭვირვალე და სრულიად გაათავისუფლა კორუფციისგან“ - სკოლის დირექტორების შეფასებები
08-08-2019

დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები. რა მიღწევები და რა ხარვეზები ახლავს თან ამ სისტემას? როგორ აფასებენ დაანონსებულ ცვლილებებს სხვადასხვა სკოლის დირექტორები - ამ კითხვებით etaloni.ge  სხვადასხვა სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ შეფასებებს.

ქალაქ თბილისის № 108 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მღვდელაძე: ცვლილებებს ვაფასებ დადებითად, რადგან იმ საგნის გამოცდებში, რომელიც ბარდება შევა უნარების გამოცდაც, ანუ იქნება ისეთი საკითხები რომლებიც გამოავლენს მოსწავლეების აზროვნებას. ეროვნული გამოცდები უკვე რამდენი წელია არის ჩვენს ქვეყანაში. ძალიან სწორი მიმართულებით ვითარდება ყოველ წელს. მოსწავლეების მომზადების დონეც წლებთან ერთად იცვლება, ცოდნის ხარისხიც უკეთესი ხდება, შემდეგ წლებში კიდევ უფრო დაიხვეწება. ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა, რომ გამოცდები გადასულიყო სკოლებში უკვე ბოლო საფეხურზე. სკოლის და უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივი გამოცდები იქნებოდა ძალიან კარგი. ასევე აჯობებს რეიტინგული ქულებით მოეწყოს უმაღლესში აბიტურიენტი და არა მინიმალური საბარიერო ქულით.

მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი აზა გადელია: აბიტურიენტებისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელია ერთიანი ეროვნული გამოცდები. შეუძლიან აირჩიონ საგანი, რამოდენიმე უნივერსიტეტი ერთდროულად. გამოცდები ტარდება გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად. ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებშია. ეს სისტემა ყოველ წელს უფრო იხვეწება. აუცილებელი საგნები ისევ აუცილებელ საგნებად რჩება, ხოლო მეოთხე გამოცდა შეუძლია თვითონ სასწავლებელმა მოითხოვოს. ამიტომ თუ რომელიმე კონკრეტული საგნის ცოდნა არ აქვს მოსწავლეს, იმ სპეციალობაზე ვერ ისწავლის სადაც ამ გამოცდის ჩაბარება იქნება აუცილებელი. სამედიცინოზე ხომ არ შეიძლება რომ ბიოლოგიის გარეშე მოხვდეს მოსწავლე?! რაც შეეხება უნარებს, სხვა საგნებში უნდა იყოს ინტეგრირებული.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მამათის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ჩიკაშუა: ეროვნული გამოცდების სისტემის წყალობით ბავშვები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიანთი ცოდნა გამოავლინონ და განსაკუთრებით მივესალმები სპეციალობების მიხედვით საგნების ჩაბარებას, ანუ ტექნიკურ ფაკულტეტებზე რომ უნდა ჩაბარდეს მათემატიკა და ჰუმანიტარულზე ისტორია და ასე შემდეგ. თუ კი ვინმეს უნდა სწავლა და უკვე სწავლობს მაქსიმალურად დაცულია ყველანაირი კორუფციისგან. თავის ცოდნას მაქსიმალურად ამჟღავნებენ აბიტურიენტებიც და უკვე სტუდენტებიც. ერთი არ მომწონს ტექსტების ვარიანტებში რომ სხვაობაა და ზოგს რომ უფრო რთული ტესტის დაწერა უწევს, ზოგს უფრო მარტივის. ვთვლი, აქ საჭიროა რაღაც ცვლილებების შეტანა. ტესტების სირთულის დონე უნდა იყოს თანაბარი.

დაბა ლენტეხის №1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი: ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემამ მთლიანად აღმოფხვრა კორუფცია. ეს ძალიან კარგი სისტემაა, შეიძლება რაღაც უმნიშვნელო ხარვეზები იყოს ზოგადად სისტემაში, მაგრამ ძირითადად გამართული და კარგი სისტემაა. ყველა თავისი შესაძლებლობების მიხედვით იღებს შესაბამის ნიშანს და არა სხვების ხარჯზე, არავის დახმარებით სხვის ადგილს არ იკავებს, როგორც ადრე იყო ხოლმე. შეიძლება ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ყოფილიყო, მაგრამ ვისაც მეტი ეკონომიური შესაძლებლობები ჰქონდა ის ხვდებოდა უმაღლესში. ამ გამოცდების შემოღებამ თანაბარ პირობებში ჩააყენა ყველა. აუცილებელია არჩევითი საგანი სპეციალობის მიხედვით იყოს, მაგრამ უნარების გამოცდის ამოღება არ მომწონს. უნარების გამოცდა ამოწმებდა აბიტურიენტის აზროვნებას, ლოგიკას. კარგად ხდებოდა აზროვნების უნარის წარმოჩენა. სამწუხაროა, რომ ამოიღეს ეს საგანი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის № 3 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა დოლიშვილი: პირველ რიგში ეროვნული გამოცდები არის რეალური ცოდნის შემოწმება, გამჭვირვალე და ძალიან სამართლიანი. არანაირი გარე ფაქტორი არ მოქმედებს ამ გამოცდების შედეგებზე. ყველას თანაბარი შანსი აქვს მოიპოვოს სახელმწიფო დაფინანსება. რაც შეეხება ცვლილებებს გამოცდებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით აუცილებელი უცხო ენის გამოცდის მაგივრად, უნდა იყოს კონკრეტულ ფაკულტეტებზე კონკრეტული საგნები. მაგალითად ბავშვი რომ აბარებს სამედიცინოზე, უნდა აბარებდეს ბიოლოგიას, ქიმიას - ეს აუცილებელია. არჩევითი არ უნდა იყოს ეს საგნები კონკრეტულ სპეციალობებზე. აუცილებელი იყო ასევე უნარების გამოცდა, სადაც ბავშვი ირჩევს ისეთ ხერხს, ავლენს ისეთ ცოდნას რომელიც მის მიზნებთან არის დამოკიდებული, პრობლემის გადაჭრის სწორ გზას ასწავლიდა ბავშვებს ეს საგანი. იმედია არჩევით საგნებში მაინც დატოვებენ უნარების გამოცდას.

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტუშურების საჯარო სკოლის დირექტორი დავით ხუმარაშვილი: ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა ზოგადად მიუღებელია ჩემთვის. ერთგვარი სტრესია მოსწავლეებისთვის და აშინებთ მათ. ეს გამოცდები არ უნდა იყოს  უნივერსიტეტში ჩარიცხვის საშუალება. ეს შეიძლება იყოს მაგალითად უნივერსიტეტში სემესტრული გამოცდები. უნივერსიტეტში აბიტურიენტები უნდა ირიცხებოდნენ გასაუბრების საფუძველზე, და შემდეგ უკვე ვინც ვერ ისწავლის პირველივე სემესტრში მოხდებოდა მისი სასწავლებლიდან გარიცხვა.

ბეჟან ხარაიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი ტეფნაძე: ეროვნული გამოცდების სისტემაში ბევრი რამ არის დასახვეწი. კონკრეტულად ვთვლი, რომ უფრო დაკონკრეტებული უნდა იყოს სპეციალობები, ფაკულტეტები. არის ისეთი შემთხვევები, რომ აბიტურიენტი გარეთ რომ არ დარჩეს შემთხვევით სპეციალობაზე ხვდება, ვერ სწავლობს და შემდეგ იტანჯება ამის გამო. უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს და აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს 9 კი არა 1 სპეციალობა. ამდენი არჩევანის საშუალება არ უნდა იყოს. გამოცდებთან დაკავშირებით ცვლილებებს შევაფასებ დადებითად. სამ გამოცდაში უფრო რეალურად მოემზადება ბავშვი, უფრო კონკრეტულ საგანს დაუთმობს დროს, თუმცა ზოგადი უნარების გამოცდა იყო ძალიან საჭირო. სკოლაში მომავალი ტოლერანტი მოქალაქის და პიროვნების ჩამოყალიბებაში ზოგადი განათლება აუცილებელია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ურავის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი კერესელიძე: ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი პლუსი ის არის, რომ მისი არ არსებობს შემთხვევაში მოსწავლეებს არ ექნებათ სკოლაში სწავლის მოტივაცია. ახლა მათ იციან, რომ თუ არ ისწავლიან ვერ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ვერ გახდებიან სტუდენტები. რაც შეეხება ცვლილებებს, მივესალმები უფრო სწორად შეარჩევენ საგნებს სამომავლოდ. უნარების გამოცდა ყველასთვის სავალდებულო სულაც არ არის. უმეტეს ნაწილს უჭირდათ მათემატიკური ნაწილის ჩაბარება და იღებდნენ დაბალ ქულას, რაც ზეგავლენას ახდენდა გრანტის მოპოვებაზე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დიდი თონეთის საჯარო სკოლის დირექტორი ცისნამი არზუმელაშვილი: ეროვნულ გამოცდაში დადებითი არის ის, რომ ყველა აბიტურიენტისთვის ერთნაირი გამოცდა ტარდება. ცალკე უნივერსიტეტებში რომ ჩატარდეს გამოცდები, აუცილებლად იქნება განსხვავება გამოცდების ხარისხსში - ზოგან უფრო რთული იქნება, ზოგან უფრო მარტივი. ეროვნული გამოცდების ფარგლებში ყველა სასწავლებელს აქვს ერთნაირი პირობები. მე რამდენადაც ვიცი 3 სავალდებულოა და მე-4 გამოცდა უნდა გამოაცხადოს უნივერსიტეტმა დამატებით - ამას მივესალმები. უნივერსიტეტმა უკეთ იცის რა კადრი სჭირდება. უნარების გამოცდას რაც შეეხება, ამ საგანს არსებითი მნიშვნელობა არც არასდროს ჰქონდა. უნარები შეიძლება ისწავლებოდეს მაგალითად სკოლაში, თორემ ეს გამოცდა რეალურად გამართლებული არ იყო. უნარებში ხშირი იყო შემთხვევით შემოხაზული, ასე ვთქვათ „გარტყმული“ პასუხები. ზუსტ ცოდნას მაინც ვერ შეამოწმებდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის № 1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი ჩილაჩავა: ერთიან ეროვნულ გამოცდებს რა თქმა უნდა მივესალმები, თუმცა ცალკე უნივერსიტეტებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ავტონომია არჩევით საგნებთან დაკავშირებით. ეროვნულმა გამოცდებმა საგამოცდო  სისტემა გახადა გამჭვირვალე და სრულიად გაათავისუფლა კორუფციისგან. რაც შეეხება ცვლილებებს საგამოცდო სისტემაში, ძირითადი საგნები მაინც რჩება აუცილებელ საგნებად. რა თქმა უნდა მშობლიური ენა აუცილებელია და უცხო ენის გარეშე ალბათ მომავალი წარმოუდგენელია. ხოლო ტექნიკურ ფაკულტეტებზე მათემატიკა მაინც აუცილებელ საგნად რჩება. ამიტომ ვერ ვხედავ პრობლემას ამ ცვლილებებში. მართალია უნარების გამოცდა ხელს უწყობდა კრიტიკულ აზროვნებას, მაგრამ სავალდებულო საგნებში ტესტები ისე იქნება შედგენილი, რომ უნარების გამოცდის ცალკე ჩაბარება აღარ იქნება საჭირო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203