ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები განახლებულ „ნეთბუქებს“ მიიღებენ
09-08-2019

ახალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქს“ მიიღებს, რაც მათ სწავლა/სწავლების პროცესში საინფორმაციო და ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გაეძლიერებინა ძველი ბუქები, რომლებიც რეფორმით დაანონსებული სწავლების სტანდარტებს ვეღარ პასუხობდა.

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე განახლებული პროგრამებით აღჭურვილ კომპიუტერებით ისწავლიან.

„მნიშვნელოვანია, რომ კომპიუტერები აღჭურვილი იქნება „მაიკროსოფტ 365-ის“ ლიცენზირებული პროგრამებით.

გაორმაგდა მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რაც უფრო მეტი პროგრამის ინსტალაციისა და გაორმაგებული სიჩქარით მუშაობის საშუალებას მისცემს მოსწავლეებს.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ  დღეის მდგომარეობით, ყველა საჯარო სკოლა ჩართულია უსაფრთხო  ინტერნეტის ერთიან საგანმანათლებლო ქსელში. წლის ბოლომდე კი თბილისსა და რეგიონებში 400 სკოლა დამატებით უსადენო ინტერნეტით იქნება აღჭურვილი.

რეფორმის ფარგლებში სწავლა/სწავლების პროცესში ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა სამინისტროს მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203