„ზოგადი უნარების გამოცდა არის მოსწავლის აზროვნების დონის განმსაზღვრელი ერთგვარი ინდიკატორი“ - სკოლის დირექტორები მიმდინარე ცვლილებებზე
12-08-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, განათლების სფეროში გასულ წელს დაანონსებული რეფორმების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს, ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში უმნიშვნელო ცვლილებებითა და სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებით უკვე დაიწყო. რეფორმის თანახმად, მომავალი წლის იანვრამდე, პრაქტიკოს მასწავლებლებს ორჯერ ეძლევათ საშუალება, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი, წარუმატებლობის შემთხვევაში კი, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი სკოლას დატოვებენ. მომავალი წლიდან, ამავე რეფორმის ფარგლებში, ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებული საგნების ნუსხიდან „ზოგადი უნარები“ არჩევით საგანთა ჩამონათვალში გადაინაცვლებს.

როგორ აფასებენ აღნიშნულ ცვლილებებს და თავიანთი კურსდამთავრებული აბიტურიენტების წინასწარ შედეგებს ეროვნულ გამოცდებზე, რა მოლოდინი აქვთ პედაგოგებისგან, რომლებიც კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების შედეგებს ელიან, მოსწავლის კონკრეტული წარმატება უშუალოდ სკოლის დამსახურებაა თუ რეპეტიტორის? - etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ:

სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის № 4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე:


- ჩვენს კურსდამთავრებულებს, ეროვნულ გამოცდებზე, ტრადიციულად,მაღალი შედეგები აქვთ. გვყავს ბავშვები, კონკრეტულ საგნებში უმაღლესი შეფასებებით. უმრავლესობამ საუკეთესო და მაღალი პროცენტული მაჩვენებლები აჩვენა,დაბალქულიანი ბავშვები, პრაქტიკულად, გამონაკლისია. ჩაჭრილი ბავშვი ეროვნულ გამოცდაზე არა გვყავს და არც არასდროს გვყოლია. ზოგადად, მგონია, რომ რადგან საატესტატო გამოცდები აღარ არის და ბავშვებს მეტი დრო გამოუთავიუფლდათ ეროვნული გამოცდებისთვის სამეცადინოდ, შესაბამისად, შედეგიც უფრო მაღალი უნდა იყოს. თუმცა, თუ მაღალი შედეგები არ გვექნება, ეს იქნება ინდიკატორი და მოსწავლის ცოდნის დონის ერთგვარი ამსახველი სკოლებში. 

მამუკა ხამხაძე თვლის, რომ იმ მოცემულობით, როგორც აქამდე საატესტატო გამოცდები არსებობდა, მას არავითარი შედეგი არ ჰქონდა, თუმცა, სასურველია შეიმუშავონ ისეთი საგამოცდო მოდელი, რომელიც სკოლებში სწავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

- იმ ფორმით, როგორც ის აქამდე არსებობდა, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა საატესტატო გამოცდის ქულას, დუბლირებული იყო ერთი და იგივე გამოცდა საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე. უმჯობესი იქნება, ისეთი სისტემა შეიქმნას, რომ სკოლის დაწერილი შეფასება, სკოლაში მიღებული ცოდნა და ქულა იყოს განმსაზღვრელი ბავშვის უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, ანუ შეიქმნას ისეთი საგამოცდო სისტემა და მოდელი, რომელიც ბავშვის სკოლიდან მიღებულ ცოდნას შეამოწმებს და განსაზღვრავს არის თუ არა მზად მოსწავლე უმაღლესი სასწავლებლისათვის. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა სკოლაში სწავლის ხარისხის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ცალსახად მინდა ვთქვა, ჩვენი სკოლის მოსწავლეების მრავალწლიან შედეგებზე დაკვირვებით, რომ ის ბავშვები, რომლებსაც მაღალი შედეგები აქვთ ეროვნულ გამოცდებზე, არიან როგორც წესი, მოსწავლეები, რომლებიც სკოლაშიც მაღალი შედეგებით გამოირჩეოდნენ. თუ ბავშვს არა აქვს სკოლაში მიღებული მყარი საფუძველი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, შეუძლებელია, მან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგი აჩვენოს. ასე რომ, სკოლაში დაგროვებული ცოდნა,დიდწილად განაპირობებს, მოსწავლის მომავალ წარმატებას. თუკი ბავშვი სკოლაში ისწავლის, ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის გადალახვის პრობლემაარ შეექმნება, ხოლო თუ მოინდომებს და იმეცადინებს, რეპეტიტორის გარეშე მაღალი ქულის მიღების შესაძლებლობაც ექნება,- აცხადებს სკოლის დირექტორი.

მამუკა ხამხაძე სამომავლოდ, „ზოგადი უნარების“ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების სავალდებულო ნუსხიდან ამოღებას უარყოფითად აფასებს, რადგან თვლის, რომ ეს გამოცდა ზუსტად განსაზღვრავს მოზარდის გონებრივ შესაძლებლობებს, მის კრიტიკულ თუ ანალიტიკურ აზროვნების უნარს:

- ზოგადი უნარების გამოცდის მოხსნას, სამომავლოდ, არ მივესალმები, რადგან ეს არის ისეთი შინაარსის მქონე გამოცდა, რომელიც ბავშვის სხვადასხვა უნარს ამოწმებს. არის საუბარი, რომ ეს უნარები უნდა იყოს ინტეგრირებული საგნობრივ გამოცდებში, თუმცა სრულყოფილი სახით მისი კონკრეტულ საგნებში ინტეგრირება რთულია, რადგან სკოლაში არ არის ჯერჯერობით ჩამოყალიბებული შესაბამისი სასწავლო გამოცდილება და მეთოდოლოგია. „უნარები“ ზუსტად განსაზღვრავს ბავშვის შესაძლებლობას, IQ-ს, მის კრიტიკულ თუ ანალიტიკურ აზროვნებას, თუ რამდენად შეუძლია მას კავშირების დამყარება, გააზრება და ა. შ. უნარებში მაღალი შედეგების მქონე მოსწავლეებს, ეროვნულ გამოცდებზე, როგორც წესი, მეტი შანსი აქვთ, ჰქონდეთ მაღალი შედეგები საგნობრივ გამოცდებში. ასე რომ, ეს არის ერთგვარი ინდიკატორი, მოსწავლის აზროვნების დონე განსასაზღვრად. სასურველია, „ზოგადი უნარები“ კვლავ დარჩეს სავალდებულო საგანთა ნუსხაში, სხვა შემთხვევაში კი, იმედი მაქვს, მას მაინც ბევრი უმაღლესი სასწავლებელი აირჩევს.

რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მისი სკოლის ყველა მასწავლებელი სერთიფიცირებულია, გარდა იმ საგნების მასწავლებლებისა, რომლთა სერთიფიცირებაც ახლახან დაიწყო. მამუკა ხამხაძე თვლის, რომ წარმატებული შედეგის მისაღწევად, აუცილებელია განწყობა და გააზრება იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპეტენციის დადასტურება თითოეული პრაქტიკოსი პედაგოგისთვის:

- სულ რამდენიმე მასწავლებელი გვყავს დარჩენილი, ვისაც გასვლა უწევდა გამოცდებზე. ესენი არიან სპორტის, მუსიკის და ხელოვნებისმასწავლებლები, ისიც იმიტომ, რომ ამ საგნების სერთიფიცირება ახალი დაწყებულია.დადებით შედეგებს ველოდებით. მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკოსმამასწავლებელმა, რომელიც სკოლაში ასწავლის, თავისი კვალიფიკაცია, როგორც საგანში, ასევე მეთოდიკაში, უნდა დაადასტუროს. წარმოუდგენელია, მასწავლებელი ასწავლიდეს და ვერ ადასტურებდეს თავის ცოდნას. რადგან მასწავლებლის პროფესია მუდმივად საჭიროებს განვითარებას, ცუდი არაფერია იმაში, რომ მან გამოცდა უნდა ჩააბაროს. ამ შემთხვევაში, მგონია, რომ მთავარია განწყობა, მასწავლებელი სწორად უნდა განეწყოს, რომ ეს მისთვის და სკოლისათვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ეს არ არის საჭირო, ზედმეტია, შესაბამისად ის ვერ შეძლებს თავისი ცოდნის თავმოყრას და გამოვლენას. თუმცა, ვფიქრობ, რომ თუკი კვალიფიკაციას ვერ დაადასტურებს, ასეთი მასწავლებელი დიახაც, სკოლაში არ უნდა იყოს, - აცხადებს მამუკა ხამხაძე.

სსიპ ქალაქ ქუთაისის 12  საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა თავიანთი კურსდამთავრებულების შედეგებით კმაყოფილია და თვლის, რომ ე.წ. კატ-ის გამოცდების გაუქმებამ აბიტურიენტთა რიცხვი გაზარდა:


- ძალიან კარგი შედეგები აქვთ ჩემ მოსწავლეებს, გაამართლეს მოლოდინი, ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი არიან თვითონაც, მშობლებიც და დამრიგებლებიც. ეროვნული გამოცდები კომფორტულ გარემოში ჩატარდა. სიწყნარე, სიმშვიდე, სიგრილე და კომფორტი უწყობდა ხელს აბიტურიენტს, თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში.

„კატ-ის“ გამოცდების გაუქმებამ, როგორც ვხვდები,აბიტურიენტთა რაოდენობა გაამრავალფეროვნა. ვთვლი, რომ იმ ფორმატით, როგორც აქამდე საატესტატო გამოცდები არსებობდა, ნამდვილად ამოწურა მან თავისი შესაძლებლობები, აუცილებელი იყო განახლება და შესაბამისად, მისი გაუქმება სკოლისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამბობდნენ, თითქოს შედეგად, ბავშვების სკოლიდან გადინება მოხდება და ნაკლები იქნება მოსწავლეთა მოტივაცია, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ ასე! თუ მასწავლებელი მოწადინებულია იმისათვის, რომ ბავშვს ცოდნა მისცეს და მოსწავლეზე ორიენტირებული იყოს საგაკვეთილო პროცესი, გადინება კი არ უნდა მოხდეს, პირიქით, ყველაფერი სიკეთისკენ უნდა შეიცვალოს, - აცხადებს ნათია სულავა.

ქუთაისის მერ-12 საჯარო სკოლის დირექტორი, მომავალი წლისთვის დაანონსებულ სიახლეს, რაც „ზოგადი უნარების“ არჩევით საგნებში გადანაცვლებას გულისხმობს, ასევე უარყოფითად აფასებს და თვლის, რომ ეს გამოცდა იყო მოსწავლის მიერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეძენილი ცოდნის თავმოყრა, რასაც რეპეტიტორის დახმარების გარეშე, სკოლის მასწავლებელი თავს იოლად გაართმევს: 

- თავიდან,როცა შევიტყეთ, რომ მომავალი წლიდან „ზოგადი უნარების“ გამოცდა არჩევით საგანთა ნუსხაში გადაინაცვლებს, მოსწავლეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მისი ძირითადი საგნების ჩამონათვალიდან ამოღება არ იყო სწორი გადაწყვეტილება. მართალია, როგორც საგანი, „უნარები“ სკოლაში არ ისწავლება, მაგრამ ეს არის ის უნარები, რასაც მოსწავლე პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით აგროვებს და რა ცოდნაც, გარკვეულწილად, ამაზეა ორიენტირებული. თანდაყოლილი უნარი კი აქვს ადამიანს, მაგრამ მისი განვითარება პირდაპირ სკოლის ვალდებულებაა. არ არის მართალი, როცა ამბობენ, რომ ამ გამოცდის ჩაბარებას აუცილებლად სჭირდება რეპეტიტორი. რეპეტიტორი საჭირო იყო იმისათვის, რომ თორმეტი წლის დაგროვებული ცოდნისთვის მოსწავლესთავი მოეყარა, რაც შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე თვეში და ამას სკოლის მასწავლებელიც მშვენივრად გაართმევს თავს.

თუ თორმეტი წლის განმავლობაში ბავშვი ვერაფერს აკეთებს სკოლაში, ვერც უნარებს იყალიბებს და ვერც ივითარებს, როგორ შეიძლება ერთ წელიწადში მოამზადო ისე, რომ საუკეთესო შედეგი დადოს?!

იმ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ქულები, ეს არის მთელი ამ წლების განმავლობაში ნაშრომი, ერთი წლის შედეგებით კი, ხშირად ბარიერს ძლივს ლახავენ. უარყოფითი მიდგომა „უნარების“ გამოცდის მიმართ, ძირითადად, მშობლების პოზიციაა, რადგან ვერ გაარკვიეს რა საგანია ეს სინამდვილეში!

გულწრფელად ვფიქრობ, რომ მოსწავლის წარმატება სკოლის დიდი დამსახურება, რასაკვირველია, ბავშვის და მშობლის ხელშეწყობით. თუკი ბავშვი სკოლაში არ სწავლობს და მხოლოდ რეპეტიტორთან დადის, ის ვერ მიიღებს ზოგად განათლებას. ის, რომ გამოცდისთვის მოსამზადებლად დღე და ღამ რეპეტიტორთან დადის, გარწმუნებთ, მას ისეთ ცოდნას არ დაუტოვებს, რაც შემდგომში გამოადგება. მე ვთვლი, რომ ეს რაღაც მოდაა. სკოლის დამსახურება რომ არ იყოს, ისეთი კარგი შედეგები არ ექნებათ, რაც აქვთ წლების განმავლობაში აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე.

ნათია სულავას თქმით, მისი სკოლის მასწავლებელთა უმეტესობა სერთიფიცირებულია. დადებით შედეგებს ელოდება, თუმცა, თვლის, რომ ემოციური ფონის გამო, ზოგ მასწავლებელს გამოცდაზე გასვლა უჭირს:

- მყავს 49 მასწავლებელი და აქედან უმრავლესობა სერთიფიცირებული იყო ჯერ კიდევ 2011 წელს. დარჩენილი გვყავდა ხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგები და სამი მასწავლებელი, რომელთაც უნარების გამოცდა ჰქონდათ ჩასაბარებელი. ვფიქრობ, წარმატებით გაართმევენ თავს და სასურველ შედეგს აჩვენებენ. კარგი იქნებოდა მიეცათ საშუალება, რომ დაბალი კრედიტებითაც დაეგროვებინათ ქულები, რადგან არიან მასწავლებლები, რომლებსაც ურჩევნიათ პირდაპირ გამოცდაზე გავიდნენ და აიმაღლონ კვალიფიკაცია და არიან ისეთებიც,რომლებსაც ემოციური ფონის გამო, უჭირთ და არ უნდათ გამოცდაზე გასვლა. ზოგადად მასწავლებლებს აქვთ უცნაური დამოკიდებულება სიახლეების მიმართ, ვერ იღებენ ყველა სიახლეს, თუმცა მერე ყველა მარტივად ლახავს ამ ბარიერს.

ვიმედოვნებ, რომ ჩემს მასწავლებლებს ასეთი პრობლემა არ შეექმნებათ, თუმცა თუ საკითხი ისე დადგება, რომ ვინც გამოცდას ვერ ჩააბარებს, მოუწევს სკოლის დატოვება, ესეც კანონმდებლობის შესაბამისია და ვერაფერს ვიზამთ.

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორი დალი ნასყიდაშვილი აღნიშნავს, რომ მისი სკოლის მოსწავლეებმა ეროვნულ გამოცფდებზე მოლოდინი გაამართლეს, თუმცა, რამდენიმე აბიტურიენტი ჩაიჭრა:

- მოსწავლეებმა ჩვენი მოლოდინი გაამართლეს, ოთხი მედალოსანი გვყავდა, რომლებმაც საკმაოდ მაღალი ქულები აიღეს და ველოდებით დაფინანსებას. ვისგანაც გვქონდა მოლოდინი, მათ ჩააბარეს, მაგრამ რადგან ახლა ატესტატები, ასე  ვთქვათ, „დარიგდა“, ყველამ მოინდომა ეროვნულებზე გასვლა დაგული დაგვწყდა, მაგრამ რამდენიმე ჩაიჭრა.

ძალიან გამიხარდა საატესტატო გამოცდების გაუქმება, იმიტომ, რომ ეს არაფრის მომცემი იყო, ამის მიხედვით ბავშვს ვერ შეაფასებდი. 7 წელი ვასწავლი ქართულს და მე უკეთესად ვიცივინ რა შეფასებას იმსახურებს, ვიდრე იმ დახურულბოლოიანი კითხვებით შეიძლება შეაფასო. ეს იყო დაძაბულობა, ნერვული სტრესი და ჩემი აზრით, ამ გამოცდების გაუქმებით, რეპეტიტორებს „ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში“.

მე მოსწავლეებზე ვარ ორიენტირებული, რადგან ვფიქრობ, რომ სკოლა ბავშვისაა, ცენტრში დგას მოსწავლე და არა მასწავლებელი, თუმცა ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებლები და სულ ვფიქრობ, რა მოვიგონო ისეთი, რომ ცოტა გავახალისო., ფინანსური მდგომარეობა გავუუმჯობესო და ა. შ.

რასაკვირველია, მოსწავლის წარმატება, სკოლის დამსახურებაა და არა რეპეტიტორის, რადგანჩვენთან ბავშვები მხოლოდ ბოლო ერთი წელი ემზადებიან. ერთ წელიწადში მთელ ამ პროგრამას როგორ გაივლი, თუ საფუძველი არა გაქვს? ეს არის უბრალოდ გადამეორება. ვისაც ვასწავლიდი და ვინც მესწრებოდა გაკვეთილზე, ყველამ რეპეტიტორის გარეშე ჩააბარა ქართული. სხვა საგნებზეც იგივეს ვიტყვი. ყველა დარგში გვყავს წამყვანი სპეციალისტი და ბავშვმა რომ არ გააცდინოს, უპრობლემოდ ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს.

ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორი მომავალი წლისთვის „ეროვნული გამოცდებისთვის“ დაანონსებულ ცვლილებებს მიესალმება, რადგან თვლის, რომ უნარების ჩამოყალიბება მხოლოდ სწავლით და მომზადებით შეუძლებელია.


- „ზოგადი უნარების“ გამოცდების ძირითადი ჩასაბარებელი საგნების ნუსხიდან ამოღებას მივესალმები. ჩემთვის, უნარი არის ისეთი რამ, რაც ან გაქვს, ან არ გაქვს და მომზადებით ამას ვერ ისწავლი. ეს უნარი თუ გაქვს, მოუმზადებლადაცგააკეთებ ტესტებს, თუ არადა,მასვერ შეიძენ. ეს უნარი მე არ მქონდა და ძლივს გადავლახე ბარიერი, სამაგიეროდ, ჩემ საგანში ძალიან მყარად ვარ.

ჩემი 33 მასწავლებლიდან 20 სერთიფიცირებულია, მათ შორის 2 წამყვანობაზეა წარდგენილი. დაჩენილი 13 მასწავლებლიდან ნახევარი გავიდა გამოცდაზე და მაქვს დადებითი შედეგების მოლოდინი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათგან 3-4 ვერანაირად დააგროვებს ქულებს, არადა, არ არიან პენსიონრები. თუმცა, ვერაფერს ვიზამთ, მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები დროის მოთხოვნაა და ფეხი უნდა აუწყო, თუ არადა, უნდა წახვიდე!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203