2019 წლის სექტემბრიდან საქართველოს სკოლებში იაკობ გოგოებაშვილისეული „დედა ენის“ სახელმძღვანელო დამატებითი სასწავლო რესურსის სახით შევა. პირველკლასელები „დედა ენის“ სახელმძღვანელოს ბუკებთან ერთად საჩუქრად მიიღებენ.
etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები „დედა ენის“ სასწავლო პროცესში დაბრუნებასთან დაკავშირებით და გამოიყენებენ თუ არა სკოლები მას, როგორც დამატებით სახელმძღვანელოს?
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე: „მე არ ვარ ექსპერტი განათლების საკითხებში, მაგრამ ზოგადად, როგორც მშობლები, ბებიები და ბაბუები იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაზე“ არიან გაზრდილები, თავისთავად სასიამოვნო ფაქტია, რომ მათი შვილები და შვილიშვილებიც ისწავლიან „დედა ენით“.
ვფიქრობ, იაკობ გოგებაშვილს ადეკვატურად, ბავშვის ფსიქოლოგიასთან და ასაკთან დამოკიდებულებაში ძალიან კარგად აქვს გააზრებული და დაწერილი „დედა ენა“. იგი უნიკალურია მთელს მსოფლიოში. ფაქტობრივად, ორი ასოდან სიტყვასაც კითხულობ, წინადადებასაც. თაობები გაიზარდა და განვითარდა ასე, საკმაოდ წარმატებულადაც. ვფიქრობ, მომავალ თაობასაც არ აწყენს ნამდვილად. ჩვენს შემთხვევაში ეს სახელმძღვანელო ეროვნული სასწავლო გეგმით იქნება გათვალისწინებული.“
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ ბოლქვაძე: „დედა ენის“ სახელმძღვანელოს დაბრუნება, რა თქმა უნდა, დადებითია. ამას სიახლეს მიესალმებიან მასწავლებლებიც და მშობლებიც. ჩემი აზრით, კარგია, რომ „დედა ენა“ ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცემა.“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ასკანის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მამალაძე: „მოლოდინი გვაქვს დიდი. ყველას გვიხარია- მშობლებს, მასწავლებლებს და ველოდებით „დედა ენის“ ისევ დაბრუნებას სკოლაში. პედაგოგებთან მქონდა საუბარი და ვაპირებთ „დედა ენის“, როგორც დამატებითი სახელმძღვანელოს გამოყენებას.
სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის საჯარო სკოლის დირექტორი რომან კვაშილავა: „მივესალმები დედა ენის დაბრუნებას. უკეთესი რა შემოვა სკოლაში?! ვფიქრობ, დედა ენა დამატებითი კი არა, ძირითადი სახელმძღვანელოც შეიძლება იყოს. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად გავითვალისწინებთ პედაგოგებისა და მშობლების აზრს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ნასპერის საჯარო სკოლის დირექტორი მელორ ახვლედიანი: „ჩემი, როგორც მასწავლებლის აზრით, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ კარგი იყო, მაგრამ დღეს მოთხოვნები იცვლება, ტექნოლოგიები შემოდის, ბევრი რამ ახალია და თუ რაიმე ახალი დაემატება „დედა ენას“ კარგი იქნება.
ჩვენ ვაპირებთ, რომ „დედა ენა“ დამატებით სახელმძღვანელოდ გამოვიყენოთ. მშობლები ინფორმირებული არიან „დედა ენის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვაციხის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ყიფშიძე: „დედა ენის დაბრუნებას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. მე პირადად არ მინახავს ეს წიგნი. აუცილებლად გამოვიყენებთ ძირითადად თუ არა, დამხმარე სახელმძღვანელოდ მაინც, რადგან ჩვენ ადრეც არ ვიყავით ხოლმე დამოკიდებული ერთ წიგნზე. „დედა ენა“ სხვადასხვა ავტორებით გამოდიოდა ხოლმე და გვქონდა ბიბლიოთეკაში, სპეციალურად შეძენილი მასწავლებლებისთვის.ახლა „დედა ენის“ საკითხს ძირფესვიანად განვიხილავთ. მე მგონია, რომ არ უნდა იყოს ცუდი.
დავა იყო ბავშვებისთვის უცხო იქნება ნახევარი საუკუნის წინანდელი სიტყვები და რატომ მაინც და მაინც ეს სახელმძღვანელო უნდა გამოვიყენოთო. მე მგონია, რომ ბავშვებისთვის ამის ახსნაც არ იქნება რთული, რადგან ახალ „დედა ენებშიც“ არის სიტყვები, რომელსაც მართლაც სჭირდება ახსნა.
ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ვაჩეიშვილი: „ვემხრობი სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნებას. „დედა ენა“ ისტორიულად ჩვენი საკუთრებაა და ნამდვილად პატივს ვცემ. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ მას, როგორც ალტერნატიულ სახელმძღვანელოს.
პედაგოგების მოსაზრება კარგად ვიცი და მათი სურვილია, რომ„დედა ენით“ ასწავლონ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ჯვარისის საჯარო სკოლის დირექტორი იროდი გიორგაძე: „კარგი იქნება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ძველი რედაქციით თუ დაბრუნდება. „დედა ენაზე“ ვართ გაზრდილები ყველა. გრიფი თუ მიენიჭება ავირჩევთ როგორც ძირითად სახელმძღვანელოს და თუ არა- დამატებით სახელმძღვანელოდ გამოვიყენებთ. პედაგოგებსაც დადებითად მიაჩნიათ მისი დაბრუნების გადაწყვეტილება.
ქარელის მუნიციპალიტეტის ატოცის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ქოჩიშვილი: „იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების საკითხი ნამდვილად მოგვეწონა და პედაგოგები აუცილებლად გამოიყენებენ მას. ჩემი აზრით, სკოლებში „დედა ენით“ სწავლება არ უნდა გაუქმებულიყო. ამ ეტაპზე,როგორც შემოგვთავაზეს, დამატებით სახელმძღვანელოდ გამოვიყენებთ და შემდეგ უკვე, შესაძლოა, ძირითადად გამოვიყენოთ. ახლოს გავეცნობით და ვნახავთ პრაქტიკაში როგორ გაამართლებს.
მშობლების დამოკიდებულება დადებითია იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მიმართ, რადგან ისინიც „დედა ენით“ არიან გაზრდილები.
წალკის მუნიციპალიტეტის ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ მგელაძე: „“დედა ენას“, რომელიც მითითებული გვაქვს, იმას ვიყენებთ. ჯერჯერობით ვაპირებთ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დამატებით სახელმძღვანელოდ გამოვიყენოთ. ერთი წელი დავაკვირდებით და სამომავლოდ, შესაძლოა, მხოლოდ „დედა ენაზე“ გადავიდეთ კიდეც. სკოლაში ჯერ კიდევ გვაქვს საუბარი ამ საკითხზე.
წალკის მუნიციპალიტეტის ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე: „ვგეგმავთ, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ აუცილებლად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში.თუ მოგვეცემა შესაძლებლობა ძირითადი სახელმძღვანელოს ფუნქციას „დედა ენას“ დავაკისრებთ.მთელის სკოლა, მთელი სოფელი ძალიან კმაყოფილია „დედა ენის“ სკოლაში დაბრუნების ნაბიჯით.