გამოცდები თუ პროფესიიდან გასვლა?! - რა არჩევანი გააკეთეს საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგებმა
15-08-2019

განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობით პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს - ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ.

სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგს პროფესიიდან გასვლა თუ არ სურს, მაშინ მან მინიმალური კომპეტენცია უნდა დაადასტუროს და სტატუსი აიმაღლოს.

2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, ჯილდოს მიღების სურვილი 1 594 სკოლის 5 600-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოხატა.

etaloni.ge  სკოლის დირექტორებს ესაუბრა იმის გასარკვევად თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით მათ სკოლებში - რამდენმა პენსიონერმა პედაგოგმა გადაწყვიტა პროფესიიდან გასვლა და სტატუსის ამაღლების მიზნით, რამდენმა ჩააბარა ზაფხულში გამოცდა და რამდენი ფიქრობს რომ მეორე შანსი გამოიყენოს შემოდგომის გამოცდაზე. 

თელავის მუნიციპალიტეტის ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ბოჭორიშვილი:

„ამ ეტაპზე სკოლაში 7 პენსიონერი პედაგოგი მყავს. ზაფხულის გამოცდაზე არცერთი არ გასულა. დარეგისტრირდნენ, თუმცა არ გავიდნენ, რადგან ვერ მოასწრეს მომზადება. აგვისტოს თვეში არცერთი არ აპირებს პროფესიიდან გასვლის განაცხადების დაწერას, რადგან ნოემბერში კიდევ აქვთ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა და თუ ვერ ჩააბარებენ, მაშინ დეკემბერში მოუწევთ, ალბათ, განცხადების დაწერა. ურჩევნიათ, დეკემბრის ბოლოს დაწერონ განცხადება, რადგან ჯილდოც აიღონ და ისე დატოვონ სკოლა“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიას საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ შანგუა:

„სკოლაში სულ 6 პენსიონერი პედაგოგი გვყავს. ამ ეტაპზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტა 3-მა პედაგოგმა. 2-მა მათგანმა განცხადება უკვე დაწერა, ერთიც სავარაუდოდ, ხვალ დაწერს. დანარჩენი 3 პედაგოგიდან ერთი აპირებს საშემოდგომო გამოცდაზე გასვლას და თუ ვერ ჩააბარებს, დეკემბერში დაწერს პროფესიიდან გასვლის შესახებ განცხადებას. დანარჩენი 2-მა კი ჯერჯერობით წარმატებით ჩააბარა გამოცდები. ჯერ გამოცდების შედეგები სრულად არ ვიცით, პროფესიული უნარების ქულა ჯერ არ დადებულა. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარა, ხოლო მუსიკის მასწავლებელმა -7 კრედიტზე“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ჭელის საჯარო სკოლის დირექტორი გია ჩიხრაძე:

„ერთი ღვაწლმოსილი პენსიონერი პედაგოგი გვყავს და აპირებს პროფესიიდან გასვლას. განცხადებაც უკვე დაწერილი აქვს. თავისი ნება-სურვილით გადაწყვიტა წასვლა“.

ხულოს მუნიციპალიტეტის ტაბახმელას საჯარო სკოლის დირექტორი ცირა კახაძე:

„სკოლაში ამ ეტაპზე 4 პენსიონერი პედაგოგი გვყავს. ჯერჯერობით 2-მა გადაწყვიტა პროფესიიდან გასვლა. ერთმა უკვე დაწერა წასვლის განცხადება და ერთიც, სავარაუდოდ, ამ დღეებში დაწერს. დანარჩენი 2 პედაგოგი შემოდგომაზე გამოცდაზე აპირებენ გასვლას და შემდეგ რა მოხდება, წინასწარ არ შემიძლია თქმა“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ კახაბრიშვილი:

„ერთმა პედაგოგმა უკვე გადაწყვიტა წასვლა და სამნი კიდევ არიან, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს. ორი მათგანი აპირებს შემოდგომაზე კიდევ ერთხელ სცადოს გამოცდის ჩაბარება და მესამე თუ გავა, არ ვიცი“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახკერპის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლეტა სუკასიანი:

„სკოლაში სულ 3 პენსიონერი პედაგოგი მყავს და სამივემ ჯილდოზე გადაწყვიტა გასვლა. განცხადებები უკვე დაწერილი აქვს ყველას.“

აბაშის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი რიტა გოგიშვილი:

„სკოლაში 3 პენსიონერი პედაგოგი მყავს. აქამდე მხოლოდ სიტყვიერად თქვეს, რომ პროფესიიდან გასვლას აპირებენ, ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ. საზაფხულოდ არცერთი არ გასულა გამოცდაზე. შესაძლებელია, ნოემბრის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ. პროფესიიდან გასვლის განცხადების დაწერის ბოლო ვადა მაინც დეკემბერში აქვთ“.

ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ესიავა:

„სკოლაში მხოლოდ ერთი პენსიონერი მასწავლებელი გვყავს. ზაფხულში გამოცდაზე არ გასულა და საშემოდგომოდ აპირებს სცადოს ჩაბარება. მოსინჯავს და თუ არ გამოუვიდა დეკემბერში წავა“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მზექალა მინაძე:

„სკოლაში 3 პენსიონერი მყავს და სამივე აპირებს პროფესიიდან გასვლას. გამოცდაზე გასვლა არცერთ მათგანს არ უცდია“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ოლეგ გულორდავა:

„სულ ერთი პენსიონერი პედაგოგი გვყავს სკოლაში და ისიც აპირებს პროფესიიდან გასვლას“.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორი ნავრეზ შავრეშიანი:

„სკოლაში მყავს 3 პენსიონერი პედაგოგი. აქედან ერთმა უკვე დაწერა ჯილდოზე გასვლის განცხადება. ერთმა უკვე ჩააბარა ყველა საჭირო გამოცდა და უკვე უფროსი მასწავლებლია. მეორეს შედეგები ჯერ არ ვიცი“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შუხუთის საჯარო სკოლის დირექტორი იაკობ ფირცხალაიშვილი:

„8 პენსიონერი მასწავლებელი მყავს სკოლაში და აქედან სამი აპირებს პროფესიიდან გასვლას. დანარჩენი 5 პედაგოგი გამოცდებზე იყო გასული. 2-მა ვერ ჩააბარა და 3-მა თითო კრედიტი აიღო. ეს 3 პედაგოგი პროფესიული უნარების გამოცდის პასუხს ელოდება. თუ ვერ ჩააბარებენ, ნოემბერშიც აპირებენ გამოცდაზე გასვლას“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203