რა აქტივობებით არიან დაკავებული ბავშვები სკოლაში? - დირექტორების გამოკითხვა
15-08-2019

მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევითი უნარების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება თუ ზოგადად, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია მათი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. etaloni.ge - დაინტერესდა რა კლასგარეშე აქტივობებით არიან დაკავებული ბავშვები სწავლის პერიოდში, იქნება ეს სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სასკოლო კლუბების ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა, სპორტის აქტიურად მიყოლა და სხვა. ამ მიზნით, სკოლის დირექტორებს ვესაუბრეთ.

ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქვრივიშილი:

„ჩვენს სკოლაში საკმაოდ აქტიურად მუშაობს თვითმმართველობა. მაგალითად, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბულინგთან და კიბერბულინგთან დაკავშირებით, მშობლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა მოაწყეს. სკოლაში სამოქალაქო კლუბი გვაქვს, მაგრამ ძალიან აქტიურად მუშაობს-მეთქი, რომ ვთქვა გამიჭირდება. თუმცა კლუბი აქტიურად თანამშრომლობს USAID-თან, კახეთის რამდენიმე სკოლასთან ერთად. მაგალითად, ორგანიზაციამ ჩვენი სკოლის ბავშვები დაატრენინგა და შემდეგ ჩვენი მოსწავლეები უკვე სხვა სკოლებში ატარებდნენ ტრენინგებს. მუსიკისა და სპორტის მიმართულებით გვაქვს აქტივობები. თუკი განათლების სამინისტროს ან რაიონის მიერ იგეგმება რაიმე ღონისძიებები, ჩვენი მოსწავლეებიც აუცილებლად იღებენ მონაწილეობას“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე:

„სკოლის მოსწავლეებისთვის გვაქვს ხოლმე ბანაკები. ახლახანს სალიბაურში გვქონდა „ხელოვნების ბანაკი“. ჩატარდა ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“, სადაც ფრენბურთში გოგონებმა გაიმარჯვეს და ამ ზაფხულს მანავის საზაფხულო ბანაკში იყვნენ წასულები. სკოლაში ერთი კლუბი ხელოვნების მიმართულებით გვაქვს, მეორე - სპორტის მიმართულებით. გვქონდა გობელენის ქარგვის პროექტი, რაშიც ათი მოსწავლე მონაწილეობდა. მათვე მოაწყეს სკოლაში ნამუშევრების გამოფენა“.

დაბა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ქომეთიანი:

„საქართველოს მასშტაბით თუ რამე კონკურსი ტარდება და ჩვენამდე ინფორმაცია მოდის, ყველაფერში ერთვებიან ბავშვები. იქნება ეს სამოქალაქო განათლების კუთხით, გარემოს დაცვის მიმართულებით თუ სხვა. ასევე აქტიურად არიან ჩართულები სპორტულ აქტივობებში. სისტემატურად მონაწილეობენ ეროვნული არქივის კონკურსში. „ეტალონში“ ჩემპიონატებში თავისთავად აქტიურად იღებენ მონაწილეობას. ბავშვები თვითმმართველობის ფარგლებშიც კარგად მუშაობენ. აქვთ შესაძლებლობა თვითონ უზრუნველყონ ღონისძიებების ორგანიზება. ჩვენ ფინანსურად ვეხმარებით და მითითებებსაც ვაძლევთ. ბევრ სკოლის შიდა აქტივობას ატარებენ, როგორიცაა სკოლის გამწვანება - დასუფთავება, სპორტული შეჯიბრებები, ხელოვნებისა და ხატვის კონკურსები, ინტელექტუალური კონკურსები და ა.შ. სკოლის შიდა ინტერიერის მოწყობაზეც კი გააკეთეს კონკურსი. თავიანთი ინიციატივით დაგეგმეს რაიონის მასშტაბით „რა? სად? როდის?“ თამაში“.

სანდრო შანშიაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ჯუგაანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ბოლაშვილი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. აქვთ სასკოლო ცეკვის ანსამბლი. სკოლაში რეგულარულად ტარდება მხატვრული ღონისძიებები, ღირსშესანიშნაობებთან და მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით. სხვადასხვა საგანში ტარდება შიდა სასკოლო ტურები, საიდანაც გამარჯვებულები შემდეგ უკვე საქართველოს მასშტაბით იღებენ ტურებში მონაწილეობას. სკოლაში გვაქვს მხატვრული წრე, რომელიც როგორც სასკოლო, ასევე გასვლით ღონისძიებებს ატარებს“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მლაშეს საჯარო სკოლის დირექტორი ივეტა გავაშელი:

„ძალიან აქტიური მოსწავლეები მყავს. სამოქალაქო განათლების კუთხით აქტიურად ვმუშაობთ. ჩართული ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის თაობის“ საქმიანობაში. მათთან თანამშრომლობით, ერთ -ერთი პროექტის ფარგლებში, სკოლის შემოსასვლელი ბილიკი დავაგეთ. მოსწავლეები „ეტალონში“ თავისთავად ძალიან აქტიურად იღებენ მონაწილეობას“.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სნოს საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ ფირანიშვილი:

„სკოლაში  სულ 28 მოსწავლე გვყავს. მნიშვნელოვან თარიღებზე ვაკეთებთ ღონისძიებებს. „ეტალონის“ კონკურსებში აქტიურად ვართ ჩართულები, გვყავს გამარჯვებულებიც. პრობლემაა, რომ მასწავლებლები გადიან სკოლიდან. ამის გამო, შესაძლოა, ჩვენს სკოლაში სწავლაც კი შეწყდეს. სკოლის დახურვის საფრთხე მოსწავლეების შემცირების მხრივ უფრო ნაკლებია“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზემოსურების საჯარო სკოლის დირექტორი გელა ეზიეშვილი:

„სამწუხაროდ, სკოლაში ცოტა ბავშვი გვყავს, რის გამოც კლუბებს ვერ ვაყალიბებთ. ისეთ ღონისძიებებს ვატარებთ, რაც მცირე კონტიგენტიდან გამომდინარე შეიძლება ჩატარდეს“.

მცხეთის მუნიციპალიტეტის წილკნის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ტაველური:

„კონფერენციები, სამწუხაროდ, არაფერი გვქონია წელს. გვაქვს სამოქალაქო კლუბში. კლუბს ჰქონია ისეთი აქტივობები, როგორიცაა სოფლის დასუფთავება, შეხვედრები ვეტერან მასწავლებლებთან და ა.შ.  ძალიან წარმატებულია ჩვენი სკოლის ფეხბურთელ ვაჟთა გუნდი, რომელმაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჩემპიონატი წელს უკვე მეორედ მოიგო“.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელედის საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჩანქსელიანი:

„მაკლეინის ასოციაციასთან თანამშრომლობით უკვე მეოთხე წელია. ეწყობა ზაფხულისა და ზამთრის ბანაკები. მათგან დაფინანსებული სტუდენტები ყოველ სემესტრში მოდიან ჩვენს სკოლაში და სხვადასხვა აქტივობას ატარებენ. უკვე ჩემი მოსწავლეებსაც შეუძლიათ ღონისძიებების დამოუკიდებლად დაგეგმვა. გვაქვს ცეკვისა და სიმღერის წრე. გვყავს მოჭიდავეთა ძლიერი გუნდი. „ათასწლეულის ფონდმა“ გაარემონტა ჩვენი სკოლა. გვაქვს კარგი დარბაზი და ლაბორატორია. მოკლედ, ბავშვებისთვის ყველა პირობა არის შექმნილი. მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს, მაგრამ რაც შეიძლება ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ“.

თელავის მუნიციპალიტეტის ართანის საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ბიჭოლაშვილი:

„სკოლაში გვაქვს „ეკო კლუბი“ და „დებატების კლუბი“. ორივე კლუბის წევრები აქტიურად მუშაობენ. დებატების კლუბის წევრები ხშირად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირში. „ეკო კლუბის“ წევრები კი გეგმავენ გარემოსდაცვით აქციებს, მაგალითად დედამიწის დღეზე“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა მუკბანიანი:

„ჩვენი დაწყებითი საფეხურის სკოლაა, შესაბამისად კონფერენციებს ვერ ვატარებთ. გვაქვს ქართულის და მათემატიკის წრე. ვატარებთ სადღესასწაულო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს. სასკოლო კლუბები არ გვაქვს, თუმცა სამომავლოდ გვინდა „ეკო კლუბის“ ჩამოყალიბება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203