„უკან ვბრუნდებით, საბუნებისმეტყველო საგნები სავალალო მდგომარეობაში რჩება“ - დირექტორების შეფასებები
15-08-2019

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას მასწავლებლებისა და მოსწავლეების განსხვავებული დამოკიდებულება და შეფასებები მოჰყვა. განათლების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, საატესტატო გამოცდების გაუქმება სწავლის დონის ამაღლებასა და მოსწავლეების სკოლისკენ შემობრუნებას შეუწყობს ხელს.

etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე და აისახა თუ არა გამოცდების გაუქმება მე-12 კლასელების დასწრებაზე სკოლაში?

თბილისის N127-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლია სამადაშვილი:

„საატესტატო გამოცდების გაუქმებამ ბავშვების დასწრებაზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა. გამოცდა აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ასეთი ქაოსური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. საატესტატო გამოცდები რა ფორმითაც იყო, იმ ფორმით არანაირი დანიშნულება არ ჰქონდა. თუ ბავშვები ცდილობენ რომ ისწავლონ, თავი მოუყარონ ცოდნას, უფრო მომზადებული და მეტი პასუხისმგებლობით გავიდნენ გამოცდაზე, მაშინ ეს ნიშანი სადღაც უნდა აისახებოდეს. კარგი იქნებოდა შედეგები საბოლოო შეფასებაში შედიოდეს ან გადამწყვეტ როლს თამაშობდეს მისაღებ გამოცდებზე“.

თბილისის N99 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მესხიშვილი:

„საატესტატო გამოცდების გაუქმებას მეთორმეტეკლასელების დასწრებაზე არ უმოქმედია. გამოცდების იმ სახის მომხრე არ ვიყავი, რა სახითაც იყო ის ბოლოს, რადგან იგი მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნაზე იყო ორიენტირებული. მე ისტორიკოსი ვარ და ვიცი, რომ დაახლოებით ასეთი კითხვები მოდიოდა „რომელ წელს მოხდა?“ , „ვინ იყო მეთაური?“ და ა. შ. ასეთი ტიპის შეკითხვები იყო თითქმის ყველა საგანში. მისაღები გამოცდები სხვა ტიპისაა. იქ ანალიზზე, მსჯელობაზე, კრიტიკაზეა დამყარებული კითხვები. საატესტატო გამოცდები კი მხოლოდ ფაქტობრივ მასალას ამოწმებდა“.

ვფიქრობ, მე-11 და მე-12 კლასელებისათვის ფაქტობრივ მასალაზე არ უნდა იყოს ორიენტირი. ეროვნული სასწავლო გეგმაც არ ითვალისწინებს ამას და დამეთანხმებით, რომ მე-11, მე-12 კლასელი ადამიანი, რომელიც ატესტატს იღებს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის, მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებულ გამოცდას არ უნდა აბარებდეს. წელს ვაპირებთ შიდა სასკოლო გამოცდა ჩავატაროთ. ამაზე პედსაბჭოზე შევთანხმდებით. ჩვენ ისედაც გვაქვს ხოლმე შიდა გამოცდები, საჭიროებიდან გამომდინარე“.

შუახევის მუნიციპალიტეტის ჩანჩხალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით მიქელაძე:

„მე-12 კლასში  სულ ერთი მოსწავლე მყავდა, შესაბამისად საატესტატო გამოცდების გაუქმებას მოსწავლეთა დასწრებაზე არ უმოქმედია. სამინისტროს პოზიციას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ვფიქრობ, ძირითად საგნებში მაინც უნდა იყოს გამოცდები“.

ხულოს მუნიციპალიტეტის გელაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ანთაძე:

„მე თუ მკითხავთ, საატესტატო გამოცდების გაუქმება შეცდომა იყო. გამოცდები აუცილებელია მოტივაციისათვის, მოსწავლის კარგად მომზადებისათვის“.

პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი სალომე აბრამიშვილი:

„საატესტატო გამოცდების გაუქმება ჩემს სკოლაში ბავშვების დასწრებაზე უარყოფითად არ ასახულა. ამ კუთხით ძალიან მოწესრიგებული სიტუაცია გვაქვს. ზოგადად თუ შევხედავთ საკითხს, ვფიქრობ, გამოცდები რაღაც კუთხით იყო ბავშვების გაკვეთილზე „დამაკავებელი“. თუმცა, შესაძლოა, ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ ისეთი მენტალობა, რომ სწავლა აუცილებელი გამოცდის ჩაბარებისთვის კი არ არის, არამედ სწავლისთვის. მოკლედ, ეს პრობლემა გარკვეულ დროში მოგვარდება, მაგრამ პირველ ეტაპზე გამოცდების გაუქმება რამდენად გაამართლებს, ვერ გეტყვით“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თოხაძე:

„მე უკვე დიდი ასაკის ვარ და ვიცი, რომ აქამდეც ბევრი გამოცდა ტარდებოდა და ძალიან შრომატევადებიც იყო. ასე ხელაღებით გამოცდების გაუქმება არ მიმაჩნია სწორად. ბავშვებს სტიმული დაეკარგათ. მე მგონი, ძირითად საგნებში მაინც უნდა ჩატარებულიყო გამოცდა. მოსწავლეებთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი, რომ ძლიერ ბავშვებს გული დაწყდათ გამოცდების გაუქმების გამო. უნდოდათ გამოცდებზე გასვლა, რადგან მაღალი შედეგების აღებას ელოდებოდნენ. შედარებით სუსტები აღფრთოვანებული შეხვდნენ გაუქმებას“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ შავაძე:

„გამოცდების გაუქმებას ჩემს სკოლაში მოსწავლეების დასწრებაზე არ უმოქმედია. ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და მსგავსი პრობლემები არ გვაქვს. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა საატესტატო გამოცდები დარჩენილიყო“.

ახალციხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გივი კაპანაძე:

„მე-12 კლასელები რომ აბიტურის საათებს არ ესწრებოდნენ, ეს ცნობილია. გამოცდების გაუქმებას მოსწავლეთა დასწრებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ გამოუწვევია. ჩემი აზრით, გამოცდები უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს, რომ რაღაც პასუხისმგებლობა იგრძნონ. ზოგადად, ბავშვი სკოლაში ძალდატანებით არ უნდა მიიყვანო. ის  უნდა მოვიდეს ხალისით, ენთუზიაზმით, ამიტომ შესაძლებელია, გამოცდების მოხსნამ გაამართლოს კიდეც. ჯერ პირველი ეტაპია და ვნახოთ გაისად რა სურათი გვექნება“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საბუეს საჯარო სკოლის დირექტორი ვალენტინა ბაშლიკი:

„მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად გამოცდების გაუქმებისა ჩვენს სკოლაში მე-12 კლასელების დასწრება არ იყო ცუდი. პირადად მე შევდიოდი კლასში და ვეუბნებოდი, რომ რადგან გამოცდა მოიხსნა არ იფიქროთ, რომ თქვენ იოლად გადალახავთ ამას-მეთქი. სკოლაში ვატარებდით ტესტირებებს“.

მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ალანია:

„საატესტატო გამოცდების გაუქმებას სკოლაში ბავშვების დასწრებაზე უარყოფითად არ უმოქმედია. არ ვფიქრობ, რომ გამოცდების გაუქმება ბავშვებს სკოლისკენ უფრო მოაბრუნებს. გამოცდები რომ იყო, ბავშვები უფრო მეტად მეცადინეობდნენ და ახლა ხელი აიღეს საბუნებისმეტყველო საგნებზე, სადაც ისედაც ჩავარდნა იყო. ისევ ისე უკან ვბრუნდებით და საბუნებისმეტყველო საგნები სავალალო მდგომარეობაში რჩება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203