მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს გამოცდების შედეგების გასაჩივრება დღეიდან შეუძლიათ
მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გასაჩივრება დღეიდან არის შესაძლებელი. სააპელაციო განაცხადის შესავსებად იხილეთ ბმული.
სააპელაციო განაცხადები მიიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებ-გვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური - 50 ლარი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
- ცენტრის ვებ-გვერდიდან (იხილეთ ბმული) - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- ვებ-გვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში გვარი და სახელი.
იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებ-გვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.
მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“ და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, არჩევას ვერ შეძლებთ).
საგნის არჩევის შემდეგ უთითებთ იმ დავალებებს, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.
ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
გახსოვდეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“. აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისთვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.