ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ემზადებიან. 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.
რა სიახლეები იგეგმება სკოლებში ინფრასტრუქტურული და სწავლების გაუმჯობესების თვალსაზრისით - ამ საკითხებთან დაკავშირებით ETALONI.GE-ს სკოლის დირექტორები ესაუბრნენ:
მზია კიწმარიშვილი - რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენ საუკეთესო ქალაქის მერი გვყავს, რომლის დიდი თანადგომით ჩვენი სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეზოში წლების განმავლობაში დიდი რაოდენობით წყალი დგებოდა. ამიტომ, ბოლო წლებში სკოლის ეზოს კარებს ფართოდ ვაღებდით, რომ ბავშვებისთვის სკოლაში მოსასვლელად პატარა ბილიკი გაგვეთავისუფლებინა. სანიაღვრე ჭა გარე პერიმეტრზე გაკეთდა, ჩვენი სკოლიდან აყარეს ასფალტის ზედაპირი, რომელსაც მალე დააგებენ და წყალიც აღარ დადგება. გარდა ამისა, მესამე და მეოთხე სართულზე ამავალი კიბის უჯრედზე ბზარები იყო გაჩენილი და მის გარემონტებასაც ველოდებით. ქალაქის მერი, ბატონი ირაკლი გახლავთ სკოლაში მოსული და შეამოწმა სარემონტო სამუშაოები. მან გასცა განკარგულება, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს მშენებლობა. სწავლების თვალსაზრისით ჩვენს სკოლაში სიახლეები ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ქეთევან მეგრელიშვილი - იაკობ გოგებაშვილი სახელობის გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენს სკოლაში ცენტრალური გათბობის მონტაჟი იგეგმება. ველოდებით ახალ მერხებსა და სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას. ვისურვებდი, რომ მთლიანად სკოლაში ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები“.
კობა შენგელია - ვანის მუნიციპალიტეტის ისრითის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლის 8 პენსიონერი პედაგოგი ჯილდოზე გადის, 12 სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავს და მათგან 3-ს წამყვანი პედაგოგობა სურს, 3 კი უფროსი პედაგოგი ხდება. ჩვენს სკოლაში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, ჩვენი ძალებით ვცდილობთ სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას. თანხა გამოიყო ცენტრალური გათბობის დასამონტაჟებლად, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ამის განხორციელება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. სკოლაში არ გაგვაჩნია ცენტრალიზებული ელექტროენერგია, სკოლის კომპიუტერული აღჭურვილობა კი უკვე ძველია. იმედი მაქვს, მალე ეს პრობლემებიც მოგვარდება“.
ბადრი ღოღობერიძე - ქედის მუნიციპალიტეტის ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს რემონტი სკოლის სველ წერტილებზე, რემონტს საკუთარი სახსრებით ვაკეთებთ. სკოლაში სხვა სიახლეები ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ლეონინე სულაბერიძე - ვანის მუნიციპალიტეტის შუამთას საჯარო სკოლის დირექტორი:
„ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში ბევრი სასიამოვნო სიახლე იგეგმება. განხორციელდა სველი წერტილების რეაბილიტაცია, გათბობის მონტაჟი დაიწყო და იმედია, ეს პროცესი სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის. გარდა ამისა, გვყავს გადახალისებული პედაგოგიური კოლექტივი. პენსიონერი პედაგოგები წავიდნენ, სულ მალე ახალ ვაკანსიას გამოვაცხადებ და იმედია კვალიფიციური ახალგაზრდები მოვლენ სკოლაში. წელს, ჩვენი სკოლის პედაგოგები უფრო მეტად სტატუსის ამაღლებაზე იყვნენ ორიენტირებულები. 1 პედაგოგი მენტორის სტატუსზეა წარდგენილი, 2 პედაგოგი, მათ შორის, მეც წამყვანის პედაგოგის სტატუსის მოპოვებისთვის ვიბრძვით, 2 მასწავლებელი კი უფროსი პედაგოგის სტატუსზეა წარდგენილი“.
თეა ხაბალაევი - გორის მუნიციპალიტეტის მერეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენს სკოლაში ამჟამად მცირე რემონტები ტარდება, სამინისტრომ გადმოგვცა ახალი მაგიდები და სკამები, წყალი კი გვაქვს სკოლაში. შიდა პერიმეტრის შემოღობვა კი სულ მალე იგეგმება. სკოლაში გვექნება გაზიფიცირებაც. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მეშვიდე კლასში სწავლას ახალი საათობრივი ბაზით ვიწყებთ, იწყება ახალი საგნის - მოქალაქეობის სწავლა, რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მიმზიდველი იქნება ბავშვებისთვის“.
მაია ხუნაშვილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენი სკოლა 3 წლის წინ დაიწვა და ახლა ახალი სკოლა შენდება. დიდი იმედით ველოდებით, რომ მოსწავლეები სიხარულით მოვლენ სკოლაში, ჩვენც სწავლას დიდი მოტივაციის ვიწყებთ. ჩვენი სკოლის 4 პედაგოგი ჯილდოზე გავიდა, 6 პედაგოგი სტატუსის ამაღლებაზეა წარდგენილი და დიდი შემართებით ვიწყებთ სასწავლო წელს. გარდა ამისა, სწავლების პროცესში ბევრი საინტერესო აქტივობა იგეგმება. ამ ეტაპზე სკოლას არ გააჩნია კაბინეტები. სამწუხაროდ, ბიუჯეტი ძალიან მცირეა, რის გამოც საკუთარი ხარჯებით მომიწია დემონტაჟის განხორციელება და ინვენტარის შეფასება. გასათბობი საშუალება საკმაოდ ძვირადღირებულია და იქნებ შევძლოთ ბიუჯეტში ამ თანხის მოგროვება. სკოლაში 200 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის, 24 პირველკლასელი გვეყოლება“.
რემზი თურმანიძე - ქედის მუნიციპალიტეტის ორცვის საჯარო სკოლის დირექტორი:
„პედაგოგები მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდებთან დაკავშირებით ეიფორიაში არიან. 2-მა პედაგოგმა წარმატებით გაართვა თავი პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდებს, ზოგს გაუჭირდა გამოცდების ჩაბარება. სკოლაში კოსმეტიკური რემონტი უკვე გავაკეთეთ. ბიუჯეტი რემონტის გასაკეთებლად საკმარისია, თუმცა სკოლას არ გააჩნია შიდა სპორტული დარბაზი და ლაბორატორიები, რაც ძალიან ძვირია და მისი შეძენის საშუალება ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია“.
გენადი ჩოვუშიანი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბათლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენს სკოლაში ინფრასტრუქტურული ცვლილებები შემოდგომაზე იგეგმება. სწავლების პროცესში ცვლილებებს არ ვგეგმავთ. ჩვენი სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში, ზოგმა მასწავლებელმა ჩააბარა აღნიშნული გამოცდები, თუმცა ისეთი პედაგოგებიც იყვნენ, რომლებსაც გამოცდების ჩაბარება გაუჭირდათ“.
მერაბ დევაძე - ქედის მუნიციპალიტეტის აგარის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენს სკოლაში ბევრი სიახლეები იგეგმება. სკოლაში მიმდინარეობს რემონტი, კაპიტალური რემონტის გაკეთება ამ ეტაპზე არ ხერხდება. სკოლის ბიუჯეტი ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, საკმარისია. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ახალ სასწავლო წელს 3 სერტიფიცირებული პედაგოგი დაგვემატება და შესაბამისად, სასწავლო პროცესში ცვლილებები მოსალოდნელია.