„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში წარდგენილი პეტიციის მიუხედავად, ცნობილია, რომ ბავშვები, რომლებიც 16 სექტემბრის შემდეგ ხდებიან 6 წლის, 2019-2020 სასწავლო წელს სკოლაში ვერ შევლენ. პეტიცია აღნიშნული ასაკის აღსაზრდელთა მშობლებმა უწყებაში რამდენჯერმე წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, 1-ელ იანვრამდე დაბადებული ბავშვების სკოლაში დარეგისტრირებას ითხოვდნენ, თუმცა, განათლების საპარლამენტო კომიტეტმა, ისევე როგორც სამინისტრომ, კანონში ცვლილების შეტანა გადადო.
აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-სთან საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი საუბრობს:
- მე ვიყავი იმის ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ბავშვები, რომლებიც მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე ხდებოდნენ 6 წლის, სკოლაში შესულიყვნენ, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს ინიციატივა დროებით გადაიდო. ჩვენ გვაქვს სკოლამდელი მზაობის პრობლემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი 7 წლის ბავშვიც კი, შეიძლება არ იყოს ფსიქოლოგიურად მზად სკოლისთვის, ზოგი კი - პირიქით.
როცა ეს ყველაფერი მოწესრიგდება, ამის შემდეგ შეიძლება გადავხედოთ, თუ როგორია ამ ასაკის ბავშვების სასკოლო მზაობა. ამ ეტაპზე, ეს ცვლილება დადებით შედეგს არ მოგვიტანს.
ინდივიდუალურად განხილვის შემთხვევაში, დარწმუნებული იყავით, ათასობით წერილი შევა სამინისტროში, უამრავი მშობელი ჩათვლის, რომ „მისი შვილი ამას იმსახურებს“ და ბავშვები არათანაბარ მდომარეობაში აღმოჩნდებიან.
ასე რომ, ცალკე უნდა არსებობდეს სკოლამდელი მზაობის სტრუქტურა როგორც სამინისტროში, ასევე, მუნიციპალიტეტებში. დეცენტრალიზაციის პირობები ამის შესაძლებლობას უნდა გვაძლევდეს, თუმცა აქაც ყველაფერი უნდა იყოს სწორად და კარგად დაგეგმილი. მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანისთვის უნდა იყოს უსაფრთხო გარემო თითოეულ დაწესებულებაში, შემდეგ ბავშვის ნიჭის და უნარების აღმოჩენა და შემდეგ იმ ნიჭის გაღვივება-გაძლიერება, რითაც ეს ბავშვი სხვებისგან გამოირჩევა. შესაბამისად, ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ კვებასა და ჯანდაცვაზე, არამედ, პედაგოგების მზაობაზე იმისთვის, რომ ინდივიდუალურად შეაფასოს ბავშვი და მისი უნარები, რაშია ყველაზე ძლიერი, რა უჭირს, არის თუ არა მზად სკოლისთვის. ეს კომპონენტები არის გამოსასწორებელი პირველ რიგში. მაგრამ როგორ მოახერხებს პედაგოგი ინდივიდუალირად თითოეულ ბავშვთან მუშაობას, როდესაც ჯგუფში ზოგან 44 ბავშვია?! ამისთვის საჭიროა ის ფინანსები, რომელიც განათლების მიმართულებით წამოვა, იმდენად სწორად გადანაწილდეს, რომ ამ მიმართულებას მიეხედოს, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, თანახმა ვიქნები ყველგან ერთდროულად გადაიწიოს ასაკი და ბავშვს, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით 6 წლის გახდება, შეეძლოს სკოლაში შესვლა. მოხარული ვიქნები, თუ ერთი წლის შემდეგ, 2020 წლისთვის, მოესწრება ყველა იმ პრობლემის მოწესრიგება, რაც გითხარით.
- ცოტა პარადოქსული ხომ არ არის, რომ 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვი შევა წელს სკოლაში, 17 სექტემბერს დაბადებული კი ვერა? რა განსხვავებაა მათ შორის?
- კარგად მესმის, რომ ეს ბევრისთვის გაუგებარია, მაგრამ ზოგადი განათლების კანონში წერია, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დღეს, ბავშვი, რომელიც სკოლაში შედის, უკვე უნდა იყოს 6 წლის. წელს ასე დაემთხვა, რადგან 15 სექტემბერი კვირა დღეა. ახლა ვიღაც იკითხავს, ერთი დღე რა პრობლემააო, მაგრამ აქვე ზუსტად იგივე კითხვა გაჩნდება 18, 19 ან 20 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებთანაც... ამიტომ, როგორც გითხარით, კანონი უნდა იყოს საყოველთაო და უნდა შეიცვალოს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით. მშობელს ჰგონია, რომ წელიწადს კარგავს, მაგრამ უფრო მეტ წელიწადს დაკარგავს, თუ ბავშვი სკოლისთვის ვერ განეწყობა და სწავლას საბოლოოდ შეიძულებს.
ასევე იხილეთ: ბავშვები, რომლებსაც 1-ელ იანვრამდე 6 წელი უსრულდებათ, შესაძლოა პირველ კლასში მიიღონ - პარლამენტს პეტიციის განხილვა დაევალა